LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, ძვირფასო ადამიანო! მათ არ იცოდნენ, რომ ამ შთამბეჭდავი სურათის უკან ერთი ადამიანის სიკეთე იდგა… თემურის დაჭერა და მადლობის თქმა ყოველთვის რთული იყო“ – რა ამბავს იხსენებს რეზო გიგინეიშვილი თემურ უგულავაზე

5266
რეზო გიგინეიშვილი

22 ივნისს, 56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

თემურ უგულავას საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამადლობელი ტექსტებით ემშვიდობება უამრავი ადამიანი და მასთან დაკავშირებულ არაერთ ამბავს იხსენებს.

თემურ უგულავას შესახებ წერს რეჟისორი რეზო გიგინეიშვილიც და იხსენებს ბიზნესმენის მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც რეჟისორს და მის გუნდს ფინანსური სირთულეები ჰქონდა.

„თემურ უგულავას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ჰოსპისის შექმნასა და განვითარებაში, წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე“ – ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ სამძიმრის წერილი

„როდესაც „მძევლებს“ ვიღებდით, ძალიან სერიოზული ფინანსური სირთულეები მქონდა. სწორედ მაშინ მივმართე თემურს.

სამი თვის განმავლობაში მთელი გადამღები ჯგუფი Rooms Tbilisi-სა და Holiday Inn-ში ცხოვრობდა. კინოში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილების განმავლობაში, არ მახსენდება არც ერთი ექსპედიცია, სადაც ასე კომფორტულად და ლამაზად გვეცხოვრა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფული არ გვქონდა.

ყოველ საღამოს Rooms-ის ბარში ვიკრიბებოდით, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი და ქალაქის ყველაზე მაგარი ადგილი იყო. მეზობელ მაგიდებთან ისხდნენ ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ელეგანტური ქალბატონები, ბოჰემა. მათ გვერდით კი ჩემი გამნათებლები, მექანიკოსები, ტექნიკოსები და გადამღები ჯგუფის წევრები. საოცარი ნაზავი იყო. ჩვენი ფილმის ოფისიც იქვე მდებარეობდა.

ჩამოსულმა მსახიობებამ ეს ყველაფერი რომ ნახეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ფილმს უზარმაზარი ბიუჯეტი ჰქონდა და შესაბამისად დიდ ჰონორარებსაც ითხოვდნენ. მხოლოდ მათ არ იცოდნენ, რომ ამ შთამბეჭდავი სურათის უკან დიდი ბიუჯეტი კი არა, ერთი ადამიანის სიკეთე იდგა. თემურის.

და ეს სიკეთით სავსე ატმოსფერო შეუძლებელი იყო, გადაღებებზე არ ასახულიყო. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ჯგუფი უბრალოდ სასტუმროში კი არ ბრუნდებოდა, არამედ ქალაქის ცხოვრების ცენტრში. ეს ადამიანებს ენერგიით ავსებდა, აერთიანებდა და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ფილმზეც აისახა.

თემურის დაჭერა და მადლობის თქმა ყოველთვის რთული იყო. ხანდახან მეზობელ მაგიდასთან შევნიშნავდი, მეგობრების გარემოცვაში. მადლობის შეტყობინებას მივწერდი. ის ტელეფონს დახედავდა, თავს ამოწევდა და გამიღიმებდა. მოკრძალებით. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

მადლობა, ძვირფასო მეგობარო, ნდობისთვის, ხედვისთვის და დახმარებისთვის. არა მხოლოდ ჩემთვის და ჩვენი ფილმისთვის, არამედ უამრავი კინემატოგრაფისტისთვის.

კინოზე მე ვლაპარაკობ, რადგან ეს ჩემი პროფესია და ჩემი სამყაროა. დანარჩენზე კი უკვე დიდი ხანია მთელი ქვეყანა საუბრობს და მადლობას გიხდის, ძვირფასო ადამიანო!“ – წერს რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ახლა რომ კითხულობდე, ხალხი შენზე რას წერს, როგორი სიყვარულით გიხსენიებენ, როგორ ტირიან, ნეტავ რას იტყოდი…“ – რას იხსენებს ნინო ზამბახიძე თემურ უგულავაზე

„კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე..თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…“ – რას წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავაზე

„არც ერთ ეტაპზე წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და ზუსტად ვიცი არ დაუშვია სიკვდილი გამოსავლად… ალბათ, ბევრი რამე დარჩა უთქმელი, მაგრამ მისი ერთი სათქმელი ნამდვილად ვიცი და მე გავახმოვანებ…“ – ექიმ ნანა გეგეჭკორის სამძიმარი თემურ უგულავას ოჯახს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები