„თუ 14 წლის მოზარდს ჰგონია რომ კომბოსტოდან გაჩნდა ეს რეალური პრობლემაა!“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.
სპეციალისტი ამბობს, ეს არის სერიოზული სიგნალი, რომ მოზარდს აკლია ცოდნა, რომელიც მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
„ბავშვებისთვის მშობლების დაშორება დიდი ტკივილია…“ – რას განიცდიან დაშორებული მშობლების შვილები, რას ამბობს ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე
„თუ დაშორებას თან ახლავს დაძაბული, ჩხუბითა და დაუსრულებელი კონფლიქტებით სავსე გარემო, ბავშვი ამას შინაგანად განიცდის…“
ფსიქოთერაპევტის განმარტებით, მშობლებისთვის მთავარი ამოცანა არის არა მხოლოდ ფაქტების გადაცემა, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოზარდს აღარ შერცხვება შეკითხვის დასმა:
„ხშირად გვგონია, რომ მოზარდებმა აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ისინი ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას, ვფიქობთ რომ ყველაფერი „გუგლში წერია“, AI ეტყვის და თითქოს მათ ყველა საჭირბოროტო კითხვაზე პასუხი აქვთ. მაგრამ რეალობა ბევრად რთულია. თუ 14 წლის ბავშვს ჰგონია, რომ ადამიანი „კომბოსტოდან ჩნდება“, ეს არ არის მხოლოდ სასაცილო ან უწყინარი ამბავი. ეს არის სერიოზული სიგნალი, რომ მოზარდს აკლია ცოდნა, რომელიც მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
კვლევების მიხედვით, სექსუალური განათლების ნაკლებობა ხშირად პირდაპირ უკავშირდება სარისკო ქცევებსა და არასასურველ მოზარდ ორსულობას, რაც განსაკუთრებით ჩანს იმ საზოგადოებებში, სადაც საუბარი გენიტალიებისა და რეპროდუქციის შესახებ ტაბუდადებულია. მოზარდობა ის პერიოდია, როცა ბავშვი ეძებს პასუხებს. მას სურს გაიგოს, რას ნიშნავს ცვლილებები, ემოციების მერყეობა, სქესობრივი ლტოლვა ან უბრალოდ ურთიერთობების ბუნება.
როცა მოზარდს არ აქვს სივრცე, სადაც ეს კითხვები უსაფრთხოდ და ღიად შეუძლია განიხილოს, ის პასუხებს სხვაგან ეძებს, ხშირად დამახინჯებულ წყაროებში, თანატოლებთან ან შემთხვევით მიღებულ ფრაგმენტულ ინფორმაციაში. ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს დაბნეულობას და აჩენს სარისკო ქცევებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა ბავშვებს სხეულზე, ემოციებზე და რეპროდუქციაზე ადეკვატური, ასაკის შესაბამისი ცოდნა მისცენ. დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა შეიძლება გახდეს მოზარდ ორსულობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც კი.
ბიოლოგიურად მოზარდი გოგონას სხეული ორსულობისთვის ბოლომდე მზა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუაციული ციკლი შესაძლოა უკვე დაწყებულია, ორგანიზმი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. სამეცნიერო ნაშრომები ცხადყოფს, რომ 14–15 წლის ასაკში საშვილოსნოს, მენჯის ძვლების და შინაგანი ორგანოების სტრუქტურები სრულად ჩამოყალიბებული არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ადრეული ორსულობა ზრდის საშიში გართულებების ალბათობას. ფიზიოლოგიური მოუმზადებლობა ხშირად იწვევს პრეკლამფსიასთან, ანემიასთან, დაბალი წონის ნაყოფთან და ნაადრევ მშობიარობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მოზარდობაში ორსულობა ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე მდგომარეობაა.
ფსიქოლოგიური შედეგები კიდევ უფრო მძიმეა. მოზარდ ორსულობას ხშირ შემთხვევაში ახლავს ძლიერი სტრესი, შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები და თვითმკვლელობისააბ აზრები. კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდი დედები ბევრად მეტად განიცდიან ფსიქიკურ პრობლემებს, ვიდრე სრულწლოვანი ორსულები, რადგან მათთვის ორსულობა ემთხვევა იდენტობის ფორმირების კრიტიკულ ეტაპს. ამ ასაკში ბავშვი ცდილობს, იპოვოს ადგილი საზოგადოებაში, განსაზღვროს საკუთარი მიზნები და შეხედულებები, ხოლო ორსულობა მას დამატებით, მძიმე ტვირთად აწვება.
ადრეულ ორსულობას აქვს მძიმე სოციალური შედეგებიც. მოზარდი დედები ხშირად წყვეტენ სწავლას, რითაც მნიშვნელოვნად მცირდება მათი კარიერული შესაძლებლობები და იზრდება ცხოვრების განმავლობაში სიღარიბეში მოხვედრის რისკი. საფრთხე მხოლოდ მათ არ ემუქრებათ, მათი შვილებიც ხშირად იზრდებიან ეკონომიკურად რთულ გარემოში, სადაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ეს ყველაფერი გვაჩვენებს, თუ რატომ ვერ იქნება მოზარდის წარმოდგენა წარმოშობის შესახებ „უმანკო შეცდომა“. როცა ბავშვი არ ფლობს ელემენტარულ ცოდნას, ის ვერ დაიცავს თავს. მან შეიძლება არ იცოდეს თანხმობის მნიშვნელობა, ვერ გააცნობიეროს სხეულის საზღვრები, ვერ გაარჩიოს ზიანი და საფრთხე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მშობლები არ გაექცნენ რთულ კითხვებს. საუბარი სექსზე, რეპროდუქციასა და ემოციურ ურთიერთობებზე არ ნიშნავს, რომ ბავშვი ადრე დაიწყებს სექსუალურ ცხოვრებას, პირიქით, სექსუალური განათლება ამცირებს სახიფათო ქცევებს და ხელს უწყობს ჯანსაღ გადაწყვეტილებებს.
მშობლებისთვის მთავარი ამოცანა არის არა მხოლოდ ფაქტების გადაცემა, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოზარდს აღარ შერცხვება შეკითხვის დასმა. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მას უსმენენ, აფასებენ და პატივს სცემენ, მას ნაკლებად მოუწევს ინფორმაციის მოძიება ისეთ წყაროებში, რომლებიც მის უსაფრთხოებას არ უზრუნველჰყოფს“, – წერს მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში.
თუ 14 წლის მოზარდს ჰგონია რომ კომბოსტოდან გაჩნდა ეს რეალური პრობლემაა! – ესაუბრეთ შვილებს, ნუ გაექცევით კითხვებს!…
Posted by ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze on კვირა, 15 თებერვალი, 2026
