მომღერალი და ინფლუენსერი მანუ მურღულია ჟურნალ „სარკეს“ პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრება.
27 წლის ხართ. ფიქრობთ, რომ მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად და ამ პასუხისმგებლობისთვის თუ ჯერ პრიორიტეტი კარიერაა?
ახლა, ამ წუთში რომ მკითხოთ, ვიტყვი, რომ არ მინდა ოჯახის შექმნა, მაგრამ ძალიანაც არ მინდა ამ საქმის გადადება. წელს გათხოვება არც მინდა, არც ვაპირებ და არც კანდიდატურა არსებობს. ძალიან მშვიდად და წყნარად მივყვები ჩემს პირად ცხოვრებას, რადგან ვთვლი, რომ ამ საქმეში სიჩქარე არ ვარგა.
როგორია თქვენთვის იდეალური ოჯახი?
მე ისეთი ოჯახი მაქვს, რომ საკუთარი ოჯახის მიმართაც ბევრი მოთხოვნა მექნება. დიდი ბებიისა და დიდი ბაბუის სიყვარულიც მახსოვს. ბებია-ბაბუებს ორივე მხრიდან იდეალური ოჯახები აქვთ. ჩემს მშობლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ძალიან ტკბილად, თბილად და დიდ სიყვარულში გავიზარდე, ამიტომ მეც ასეთი ოჯახი მინდა მქონდეს. რასაც დღესდღეობით ვუყურებ, ასეთი ოჯახები იშვიათია. ჩემი მშობლების თაობაში, მგონი, უმრავლესობა დაშორებულია, რაც ძალიან არ მომწონს. ჩემი ოჯახი უნდა იყოს ნდობაზე, ღირსებასა და სიყვარულზე აგებული.
თქვენი თაობის ბიჭებში ხედავთ ამ ღირებულებების მატარებლებს თუ იშვიათია?
ოღონდ ეს არ გეკითხათ! არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, ძალიან დიდი დეფიციტია ჩემი თაობის ბიჭებში. ყოველ შემთხვევაში, მე მიჭირს ისეთი ადამიანის პოვნა, რომ მინიმუმს მაინც აკმაყოფილებდეს იმ ღირებულებების, რომლებიც ჩემთვის ძვირფასია…
ამავე ინტერვიუში მანუ საუბრობს თავის ახალ წამოწყებაზე, ბენდზე, რომელთან ერთადაც ახალ პროგრამას მალე შესთავაზებს მსმენელს.
„გავაკეთე ბენდი, შევკრიბე ძალიან საინტერესო მუსიკოსები და უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მსმენელი კარგი სიმღერებით გავანებივროთ.
ანუ „ნიკოს ბენდი“ ახალი ბენდით ჩაანაცვლეთ?
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ უფრო იუმორისტულ სიმღერებს ვმღეროდით. ახლა კი სუფთა მუსიკალური განხრით წარმოვჩინდები. ძალიან მადლიერი ვარ იმ პერიოდის, რაც „ნიკოს ბენდში“ გავატარე. მართლა უსაზღვრო პოპულარობა მომიტანა იმ ეტაპმა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ერთი ეტაპი სრულდება და იწყება მეორე…
ფოტოების ავტორი: განა შახბაზოვა