LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ

200
Untitled design (2)

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა – მომდევნო კვირიდან  თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.

როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.

“მინდა, ხაზი გავუსვა იმ მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით. განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში. საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება.

ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. გარდა ამისა, მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე – გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე”, – თქვა კახა კალაძემ.

კალაძემ მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, აღნიშნულ საკითხს კოორდინაცია გაუწიოს:

“ილია ელოშვილს ვავალებ, კოორდინაცია გაუწიოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  შემომწირველების მხრიდან ანგარიშზე უკვე  მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.

კახა კალაძემ აქვე, მადლობა გადაუხადა შემომწირველებს და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა:

“უკრაინის დასახმარებლად გავხსენით სპეციალური ანგარიში სახაზინო კოდით –  300778800. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა მილიონ 117 ათასი ლარია, რაც ძალიან სასიხარულოა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ეს თანხები მიმართული იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების დასახმარებლად.

მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ ამ თანხის უკრაინაში გადარიცხვა – ეს იქნება ისევ პროდუქტების შეძენა თუ თანხის პირდაპირ გადარიცხვა.  გვექნება კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – თქვა მერმა.

პოპულალურები