LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება” – რას წერს მაია ბუწაშვილი ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

2099
BeFunky-collage (12)

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ, 1-დან 16 წლამდე ბავშვებში სიყვითლის გამოვლინებას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ასაკი 1-დან 16 წლამდე მერყეობს.

სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია.

შემთხვევათა 90%-ზე მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა. ნაწილი განკურნებით მთავრდება.

ჰეპატიტის მქონე ბავშვებში არ დასტურდება აქამდე ცნობილი არც ერთი ჰეპატიტის ვირუსი (A,B,C,D,E). დიდ ნაწილში გამოვლინდა ადენოვირუსის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარკვეულ ნაწილს დაესვა კოვიდის დიაგნოზი, ან ჰქონდათ ახლად გადატანილი კოვიდი. ზოგიერთს ერთდროულად აღენიშნებოდა ადენოვირუსული ინფექცია და კოვიდი.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის (MIS-C) ერთ-ერთი გამოვლინება იყოს.

მოკლედ, ჯერჯერობით ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ბევრი რამ უცნობია. მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება და ასეთის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას”,- წერს მაია ბუწაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g