ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმის შესახებ, თუ რატომ არ უთმობს თავის მოვლას დიდ ყურადღებას.
– რამდენად ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ საკუთარი ვიზუალის მიმართ?
ნანა ლორთქიფანიძე:
– წინასწარ მრცხვენია ჩემი პასუხის, რადგან ამაზე საერთოდ არ ვზრუნავ. ქალები ათასნაირ პროცედურებზე დადიან, უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ არაფერს ვიყენებ. ეს ძალიან ცუდია. ამით არ ვამაყობ. დამეტყო კიდეც, რომ ამ მხრივ, არაფერს ვაკეთებ. იმას არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს საერთოდ არ ვუთმობ დროს, მაგრამ დღეს ათასნაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ 20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე და მე არცერთს არ ვიყენებ. სხვათა შორის, დედაც ასე იყო. არასდროს უვლია კოსმეტოლოგებთან რაღაც პროცედურებზე. ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა. საჭიროა, განსაკუთრებით კი ჩვენს პროფესიაში. ბოლო წლები, რაც ტელეწამყვანის ამპლუა შევითავსე, აუცილებელიცაა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, შიშიც მაქვს, რომ რამე გავიკეთო და ძალიან შევიცვალო. სარკეში რომ ჩავიხედო და სხვანაირი თავი აღმოვაჩინო, მგონია, რომ ვერ შევეგუები. მოდი სიმართლეც ვთქვათ, თუ რამეს იკეთებ, აუცილებლად ძალიან ხარისხიანად უნდა გაიკეთო, რაც არც თუ ისე ცოტა ფინანსებს საჭიროებს, რისი საშუალებაც მე არ მაქვს, ვერ მივცემ თავს ძალიან ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარების საშუალებას. ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც მე ძალიან ვჭირდები. თუმცა, მარტო ამასაც ვერ დავაბრალებ. ძალიან თუ მომინდება, ჩემი თავისთვის საჭირო ფინანსებსაც გავიმეტებ, მაგრამ არ ვარ ამ თემაზე ჩაციკლული. დღეს უფრო ახალგაზრდები არიან ამაზე ორიენტირებულები. მგონი, უნდა შეეგუო, რომ ასაკი გემატება და შენ უკვე ახალი ფუნქცია და დანიშნულება გაქვს. პროფესიაშიც ისეთი როლები გექნება, რომლებიც შენს ასაკთან შესაბამისობაში მოდის. ჩემი ერთადერთი აქტიურობა ამ კუთხით, რაც მახსენდება ისაა, რომ პანდემიის დროს, როცა სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ჩემი შვილის ძალდატანებით, სახეზე ნიღბებს ვიკეთებდი. ახლაც ვიყიდი ხოლმე გამზადებულს და საერთოდ არ მახსენდება მათი გამოყენება.