LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნება – როგორია მზადების პროცესი

859
oqitashvilinews

ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 21 ივლისს 85 წელი უსრულდება. შესანიშნავი მომღერლისა და ქალბატონის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნება, სადაც თავად წარდგება მაყურებლის წინაშე, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. კონცერტებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიებას ორგანიზებას მთლიანად გაუწევს საქართველოს კულტურის პალატა. მისი თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ექსკლუზიურად გვიყვება დეტალების შესახებ.

ბატონო დავით, როგორ აპირებთ ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილეს აღნიშვნას?

დათო ოქიტაშვილი:

ქალბატონ ნანის უსრულდება 85 წელი. ეს არ არის პატარა თარიღი და გვინდა, ლეგენდარული მომღერალი ისე დავაფასოთ, რისი ღირსიც ის გახლავთ. იუბილეს აღნიშვნა დაიწყება წინანდლიდან, სადაც ველოდებით ბევრ მუსიკოსს, იქნება უამრავი სტუმარი და ძალიან დიდი სიურპრიზი, რომლის გამხელის უფლებაც ჯერ არ მაქვს. კონცერტი გაიმართება ბათუმშიც, სექტემბრის დასაწყისში კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადმოვინაცვლებთ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ეს კონცერტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იქნება შემადგენლობით, მრავალფეროვნებითა და პროგრამით.

ასევე ჩვენ ვგეგმავთ ქალბატონი ნანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენის გამართვას, სადაც მისი სურათები, საკონცერტო სამოსი იქნება წარმოდგენილი.

გუშინ პირველად შევიკრიბეთ, ქალბატონ ნანისთან სახლში და დავიწყეთ მზადება.

ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით. მინდა, გამორჩეულად დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, აჭარის მთავრობას, კახეთის გუბერნიას და საქპატენტს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ ღონისძიებაში.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც მუდამ დგას ქართველო ხელოვანებისა და ქართული საქმის გვერდით და ახლაც, ამ კონცერტების სერიის მედიამხარდამჭერი იქნება.

ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა იუბილეს მხარდაჭერის სურვილი. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კონცერტები  რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დარბაზი ხუთასკაციანია, ჩვენ მხოლოდ ნახევარს მივცემთ დასწრების უფლებას. რამდენიმე ტელევიზიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ ამ კონცერტების პირდაპირი ტრანსლირება შედგეს.

შემოქმედებით მხარეზე გვესაუბრეთ…

ქალბატონი მარინა ბერიძე არის მუსიკალური ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი – როიალთან გახლავთ. სცენაზე ქალბატონი ნანი მხოლოდ თავად იქნება ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, სიურპრიზზე კი მოგვიანებით გეტყვით, რაც ერთ-ერთ კონცერტზე მოხდება. როგორც გითხარით, ჯერ ვერ გავამხელთ. ყველა მიჩვეულია, რომ გაიხსნება ფარდა და იქ დახვდება სამოცკაციანი ორკესტრი, მაგრამ ასე აღარ იქნება. გუშინ ეს კონცეფცია მთლიანად შევცვალეთ. მთელი დღე ვმუშაობდით ამაზე. ქალბატონი ნანი სხვა ამპლუაში იქნება წარდგენილი. მუსიკოსების შემადგენლობა სიურპრიზი იქნება და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მუსიკალური გადაწყვეტა ახალი ამპლუა იქნება ნანის შემოქმედებაში.

როგორ განწყობაზეა თავად ქალბატონი ნანი?

ძალიან ნერვიულობს. გუშინ გვეუბნებოდა, არ ვიცი, როგორ ვიმღერებო. მე ვუპასუხე, თქვენ მხოლოდ შემოქმედებაზე იფიქრეთ და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ-მეთქი. გუშინ პირველი რეპეტიცია გაიმართა. შევარჩიეთ რეპერტუარი, რომელიც ყველა კონცერტს სხვადასხვა ექნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაკეთება უნდა მოესწროს, თორემ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ნანი არაჩვეულებრივად იმღერებს.

ბილეთები როდიდან გაიყიდება?

თავიდან არ გვქონდა გადაწყვეტილი ბილეთების გაყიდვა, მაგრამ მე ზოგადად, იმის მომხრე ვარ, რომ მსურველებს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრების საშუალება უნდა მივცეთ, ამიტომ გარკვეული რაოდენობის ბილეთი გაიყიდება, თუმცა ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. არ გვინდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბევრი თანხა დაიხარჯოს. ვცდილობთ, რომ ეს იყოს მიზერი და გაყიდული ბილეთებიდან დავფაროთ კონცერტებთან დაკავშირებული ხარჯები. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, რომ ბიუჯეტიდან რაც შეიძლება ნაკლები თანხა დაიხარჯოს. ქალბატონ ნანის სხვა მიდგომა აქვს. როდესაც დღეს ქვეყანას უჭირს და იბრძვის, შეიძლება ითქვას, მესამე მსოფლიო ომში, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა კონცერტი, მაპატიოს ყველამ, მაგრამ ამ იუბილეს აღნიშვნის გარეშეც ვერ დავტოვებდით, უხერხული იქნებოდა, ამიტომაც ვცდილობთ, მიზერული დანახარჯით გავმართოთ კონცერტების სერია, რომელიც ქალბატონ ნანის ეკადრება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g