ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, გიორგი ჩიკვაიძე დღეიდან პოლიტიკური პატიმარია და მისი თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლონ.
„გიორგი ჩიკვაიძე არ იწვევდა ჩემში ნდობას. აქვს ამას თავისი მიზეზები და გამოვხატავდი კიდეც, მაგრამ ამას ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
დღეიდან ის პოლიტიკური პატიმარია და როცა ადამიანს ამ ნიშნით იჭერენ, უნდა ვთქვათ და ვიბრძოლოთ მისი თავისუფლებისთვის.
თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
გიორგი ჩიკვაიძე არ იწვევდა ჩემში ნდობას. აქვს ამას თავისი მიზეზები და გამოვხატავდი კიდეც, მაგრამ ამას ახლა უკვე…
Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 11 მარტი, 2025
ცნობისათვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო კი ძალაში დატოვა.
დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს და მას „მურუსიძის მონა“ უწოდა.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი