LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში ლიდერი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

127
ნათია

ფინანსური და ტექნოლოგიური ინდუსტრიის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური – სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ლიდერი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა გენდერულ საკითხებს, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობას, მათი როლის გაზრდას მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერებისკენ, მათ შორის, ქალების ფინანსური განათლების დონის ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ კორპორაციული მართვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისიდან ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული კვოტა 33%-ით განისაზღვრა, ხოლო 2025 წლიდან ეს მაჩვენებელი არანაკლებ 40% იქნება. მისივე თქმით, კოდექსს პირველად დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების დირექტორატის სულ მცირე 33%-ს ორივე სქესი უნდა შეადგენდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ექვსი წევრიდან ოთხი ქალია.

საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურის ფინტექ ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდა და საკუთარი საგამოფენო სივრცეც ჰქონდა.

საქართველო ფესტივალზე გზავნილით „ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი“ წარდგა.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი პირი და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

magti 5g