ამსტერდამში სურთ, რომ ტურისტებს მარიხუანა აღარ მიყიდონ. შესაბამისად, ე.წ. კოფეშოპები ანუ დაწესებულებები, სადაც კანაფი და მისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი სახელმწიფოს ნებართვით იყიდება, უცხოელებს აღარ მოემსახურება. ასეთი წინადადებით საქალაქო საბჭოს ქალაქის მერმა მიმართა.
პოლიტიკოსის განცხადებით, შეზღუდვის შემოღება მოგზაურების მიუღებელი ქცევის გამოა საჭირო. საქმე ისაა, რომ მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკით ვაჭრობა ნიდერლანდებში კრიმინალის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.
ამსტერდამში არსებული ბევრი პრობლემა სწორედ კანაფს უკავშირდება, იქნება ეს ნარკოტურიზმთან დაკავშირებული მცირე უსიამოვნება თუ სერიოზული დანაშაული ან ძალადობა.
ბაზრის რეგულირება და ტურისტებისთვის მარიხუანის აკრძალვა სიტუაციის დასტაბილურებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.