15 ივლისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა ფესტივალის წლევანდელ სეზონზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე და სპეციალურ სტუმრებზე ისაუბრა.
ქალბატონო ნინა, როდის გაიხსნება ფესტივალი „ღამის სერენადები“, რამდენ ქალაქს მოიცავს ის და ვინ იქნებიან ღონისძიების სპეციალური სტუმრები?
წელს, როგორც ყოველთვის, ჩვენს მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას ვთავაზობთ. მსმენელის წინაშე სამ ქალაქში წარვდგებით. 20 აგვისტოს, ბორჯომში გაიმართება გალაკონცერტი, „ბორჯომი ლიკანის სასტუმროს“ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ. შემდეგ, 22, 24, 26 აგვისტო ბათუმში, „ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში“ გადავინაცვლებთ. გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამა, ყველა კონცერტი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. პირველი კონცერტი არის მორიკონეს და ნელო სალცას, რომელსაც იტალიაში და მთელს მსოფლიოში მორიკონეს საყვირს ეძახიან, რადგან მრავალი წელი მასთან თანამშრომლობდა და მისი მეგობარი იყო. ასევე, იქნებიან სოფო ხალვაში და გიორგი შიოლაშვილი, ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც სიურპრიზი იყო ჩვენთვის. ის ელისო ბოლქვაძის კონცერტზე გავიცანი და აღვფრთოვანდი ამ ახალგაზრდა პიანისტით. 24 აგვისტოს, „ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში“ გვაქვს „ვივალდის ციებ-ცხელება“, ორი არაჩვეულებრივი მუსიკოსის, ანდრეს გაბეტასა და მორის შტეგერის ვირტუოზული შესრულებით. 26 აგვისტოს, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, თათა ლიჩელი და ჩვენი ორკესტრის ბაზაზე შექმნილი კვინტეტი – „საქართველოს ვირტუოზები“, ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით, წარდგებიან მსმენელის წინაშე. მსმენელს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის.
სექტემბერში, ერთი თვის განმავლობაში გვექნება მასტერკლასები, ვორქშოფები, გამოფენები.
9 ოქტომბერს, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში“ დავუბრუნდებით მსმენელს. გვეყოლება არაჩვეულებრივი ბიატრიჩე ვენეცი, დირიჟორი იტალიიდან და ჩვენი ვირტუოზი მევიოლინე, ვერიკო ჭუმბურიძე. რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ორკესტრიც, „საქართველოს ვირტუოზები“.
11 ოქტომბერს, მსმენელს ფურორი ელოდება, საქართველოში პირველად იქნება Balletto di Roma, პროექტით „ასტორი“. მათ მთელი მსოფლიო შემოიარეს ამ პროექტით და წელს. საქართველოში გვექნება პრემიერა. Balletto di Roma ტრადიციულ და თანამედროვე ქორეოგრაფიას აერთიანებს და ეს შერწყმა ძალიან საინტერესოა. მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან ერთად შექმნილი პროექტი ძალიან დიდი სიამოვნებას მიანიჭებს ჩვენს მაყურებელს „გრიბოედოვის თეატრში“.
ბილეთები უკვე იყიდება ვებგვერდზე tkt.ge.
მინდა, მადლობა გადავუხადო „ნიჭიერთა ათწლედს“, რადგან წელს, ისინი ჩვენი პარტნიორები გახდნენ და „ნიჭიერთა ათწლედში“ ჩვენი მასტერკლასები ჩატარდება.
რამდენად რთულია ხოლმე არტისტებთან მოლაპარაკება და მათი დათანხმება?
ვარსკვლავების დათანხმებასთან პრობლემა არასდროს გვქონია, რადგან ქალბატონ ლიანა ისაკაძის სახელი და ფესტივალი, რომელიც 1982 წლიდან არსებობს, ნდობას იწვევს. ეს უკვე ისეთი სახელია, რომელიც ყველგან და ყოველთვის კარს ხსნის.
მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის ღვაწლი და კრეატიულობა.
განსაკუთრებით რომელ კონცერტს ელოდებით?
ალბათ, ბანალურ რაღაცას ვეტყვი, მაგრამ როგორც შვილებს ვერ განასხვავებ ერთმანეთისგან და ყველა გიყვარს, ასეა ამ შემთხვევაშიც, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. ყველა კონცერტი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ყველას სულმოუთქმელად ველოდები.
მოგვიყევით ორკესტრზე „საქართველოს ვირტუოზები“.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ფესტივალის ძალიან საამაყო ნაწილია, რომ ჩვენი საბაზო ორკესტრი გვყავს. ეს ტრადიცია ქალბატონმა ლიანამ შემოიღო. ადრე, საბაზო ორკესტრი საზღვარგარეთ მოღვაწე მუსიკოსებისგან შედგებოდა, შემდეგ, ქალბატონმა ლიანამ და გიორგი ისაკაძემ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი საბაზო ორკესტრი და დაერქვათ „საქართველოს ვირტუოზები“. ვფიქრობ, რომ ეს სახელწოდება ხმამაღალი არ არის, რადგან ჩვენი გუნდის თითოეული ორკესტრანტი, ამართლებს სახელწოდებას და შეიძლება ითქვას, რომ სოლისტია. პირველ ვიოლინოს, ლელა მჭედლიძეს საერთოდ აღარ სჭირდება არანაირი ახსნა, რადგან მოგეხსენებათ, რამდენად ძვირფასი მუსიკოსია ჩვენი კულტურისთვის.