LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილი: „მხოლოდ რძალმა იცოდა. მას დაავალეს ჩემთვის ამის თქმა და როცა თანხმობა განვაცხადე, მასაც მოაწერინეს ხელი საბუთზე, რომლის თანახმადაც ამ ინფორმაციას არსად გააჟღერებდა…“

212
ნონა გაფრინდაშვილი

პროექტ „ვინ ვინ არის“ ერთ–ერთი მონაწილე, კაბის კოსტიუმში, არც მეტი, არც ნაკლები – ნონა გაფრინდაშვილი აღმოჩნდა. მისი ამ შოუში გამოჩენა ყველასთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ლეგენდარული მოჭადრაკე ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს ემოციებს.

ნონა გაფრინდაშვილი: 

როცა ეს წინადადება შემომთავაზეს, მე თვითონაც შოკში ვიყავი. ასეთი რამ ვერაფრით წარმომედგინა, მაგრამ დამაინტერესეს. სპორტული ჟინი გამიჩნდა, რადგან მითხრეს, რომ თუ ნორმალურად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა, ერთმანეთს მშვიდად დავცილდებოდით. ეს რომ მითხრეს, მერე მართლა დავინტერესდი, გამომივიდოდა თუ არა და გადავწყვიტე, თანხმობა მეთქვა.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გარშემო ამ ყველაფერს?

ყველა შოკშია, მაგრამ თან, ყველა ნასიამოვნებია იმით, რაც ნახეს.

კიდევ მიიღებდით მსგავს შოუში მონაწილეობას?

ბევრი შოუა, მაგრამ ახლა კუნძულზე ვერავინ წამიყვანს. არც მწერები მიყვარს და არც ცურვა ვიცი. ლეიბით შევდიოდი ხოლმე ზღვაში. არ მეშინოდა, მშვიდად გავწვებოდი, შორს გავიდოდი ნაპირიდან, ცოტა ხანს გავჩერდებოდი, მერე გამოვიდოდი და ბილიარდს ან პინგ-პონგს ვთამაშობდი. რა ვიცი, ცურვის სწავლა არასდროს მომინდომებია. ამიტომ ასეთ პროექტში ვერავინ შემიყვანს. ცეკვას რაც შეეხება, რაღა დროს ჩემი ცეკვაა, 83 წლის ვარ. არც ჟიურიში გამოვდგები. ერთია რომ ცეკვა მიყვარს, მაგრამ როცა ჟიურიში ხარ, პროფესიონალური განმარტებების გაკეთება უნდა შეგეძლოს. ამას ცოდნა სჭირდება. მე მშვენივრად ვგრძნობ, როდის ცეკვავენ კარგად, მაგრამ ეს ერთია და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა და პროფესიონალურად შეფასება რომ შეგიძლია, ეს – მეორე. მუმიასავით ხომ არ დაჯდები ჟიურიში, ამიტომ ასეთ რამეზე არც ვფიქრობ.

თქვენმა ოჯახმა იცოდა თქვენი ამ პროექტში მონაწილეობის შესახებ?

მხოლოდ რძალმა იცოდა. მას დაავალეს ჩემთვის ამის თქმა და როცა თანხმობა განვაცხადე, მასაც მოაწერინეს ხელი საბუთზე, რომლის თანახმადაც ამ ინფორმაციას არსად გააჟღერებდა. როდესაც მან პირველად მითხრა, ამ შემოთავაზების შესახებ, ასე დაიწყო: ახლა არ „ავარდე“, წყნარად მომისმინე, რას გეტყვიო… და მერე ეს რომ მითხრა, მართლა შოკში ჩავვარდი. რა-მეთქი? გამიმეორა და კიდევ იგივე ვკითხე. მერე ვუთხარი, შენ როგორ წარმოგიდგენია ჩემი სიმღერა-მეთქი?! პროდიუსერს დაურეკა, უარს ამბობსო, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, პროდიუსერი ისე მელაპარაკა, რომ დავთანხმდი. თუმცა, ეს ყველაფერი არავინ იცოდა, გასაიდუმლოებული იყო. ამაზე ხელი მქონდა მოწერილი. თუ წინასწარ ყველა ყველაფერს გაიგებდა, რაღა შოუ გამოვიდოდა?! ვინაობა რომ არავის გაეგო, მანქანა სახლთან კი არ მაკითხავდა, გვერდით ქუჩაზე მელოდნენ ხოლმე. მერე თავზე ანაფორასავით რაღაცას ჩამომაცვამდნენ და მეც ჩუმად ვიჯექი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ხმას არ ვიღებდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები