ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რა გადააფასა მას შემდეგ, რაც 40 წელი შეუსრულდა:
„რაც წლები მომემატა, პირველ რიგში, დროს ვაქცევ ყურადღებას. გავახელ თუ არა თვალს, ყოველ დილას, მადლიერების გრძნობა მაქვს. 40 წლის მერე დავაკვირდი და მივხვდი, რა ტკბილი და კარგი ასაკია და რამდენი რამ გადავაფასე. ადრე, სულ დრამაში ვიყავი, ყველაფერს განვიცდიდი და ვნერვიულობდი, ახლა კი, ისე შევიცვალე, ჩემს თავს ვერ ვცნობ. მინდა, ყოველი წუთი და წამი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან, ჩემს გარემოში გავატარო, შევიგრძნო ის დადებითი აურა და დავტკბე საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნით. ცხოვრება, მართლაც რომ, წუთისოფელია და რატომ ვხოცავთ ხალხი ერთმანეთს, ვერ ვხვდები. ადამიანი დღეს არის, ხვალ – არა და ხომ შეიძლება, დავაფასოთ ერთმანეთი? სულ ვამბობ, მეტი სიყვარული რომ გავცეთ და ამ ბოღმასა და ერთმანეთის ლანძღვაში და საშინელი კომენტარების წერაში არ ვხარჯოთ დრო, ხომ უკეთესი იქნება. ადრე, რაღაცებზე რომ ვნერვიულობდი და ვბრაზობდი, ახლა ხასიათი შემეცვალა და ვდილობ, ნაკლებად მივაქციო ადამიანების ნეგატიურ განწყობას ყურადღება და არ ვინერვიულო. აღარ მაქვს ასეთ ხალხზე აგრესია, ყველა მიყვარს. 44 წლის გავხდი და ვინც ცხოვრებაში შემრჩა და ვისაც ჩემთან უნდა დარჩენილი წლების გატარება, მის გვერდით ვიქნები. შეხმატკბილებულებას ვაფასებ ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი და მათ ვუფრთხილდები. განვლილმა წლებმა, დიდი გამოცდილება მომცა და ამიტომ, ვაფასებ იმას, ვინც მყავს, რაც მაქვს და აღარ ვიშლი უაზრობებზე ნერვებს“.
