საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, სამოქალაქო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო კალანდაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს ეხმიანება.
კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული მასალის გავრცელებას ბუმერანგის ეფექტი ჰქონდა და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ეს სიმულაციად აღექვა, ყველა მიხვდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის.
ნინო კალანდაძის შეფასებით ხელისუფლება ყველაფერს პროპაგანდის მიზნით აკეთებს, მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ფარული ჩანაწერებით მოვიდა:
„ახლა ნახეს, რომ საერთაშორისო გამოხმაურება იყო საკმაოდ მკაცრი, თუ არ ვცდები, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ შეუძლებელია ჩართვა ტექნიკურად არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებშიო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით აბსურდული განმარტებები გააკეთეს, რადგან პროპაგანდისტული მიზნებით გაშვებული ეს კადრები გარკვეულწილად უკან მოუბრუნდათ და ამან ბუმერანგის ეფექტი იქონია: თუ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ეს იყო სიმულაცია, უცებ ერთსულოვნება შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმულაცია კი არ არის, კაცი ცუდადაა. შეიძლება ვიღაცას გაუხარდა ან ეწყინა, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ აქ სიმულაცია კი არ იყო, მართლა ცუდად არის.
ჩვენ მხოლოდ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი, რასაც ესენი ამბობენ, არის კონკრეტული პროპაგანდისტული მიზნებისთვის განკუთვნილი და არის განცხადებები საზოგადოების აზრზე მანიპულირების მიზნით.
ეს ხელისუფლება ამას პირველივე დღიდან აკეთებს. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ კადრებით, ფარული ჩანაწერებით, საზოგადოების ემოციური მანიპულირებით, ბარბარე რაფალიანცის გარშემო ატეხილი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, რომელიც არასდროს არავინ გამოიძია, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვის მკვლელობა იყო. მას შემდეგ ვიცით, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც ამით პოლიტიკურად სპეკულირებდნენ, შემდეგ მედიას ეუბნებოდნენ, რომ „თქვენ გარდა არავის აინტერესებს ეს საკითხი და საერთოდ რატომ გვეკითხებითო“. ეს ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ მოქმედებს კონკრეტული, „ეფ-ეს-ბე-ს“ მეთოდებით.
ყოველი არჩევნების წინ, საზოგადოების აზრზე გავლენის მიზნით, ისინი იგონებენ რაღაც ჩანაწერებს, რითაც სპეკულირებენ – გვახსოვს უკრაინული საბურავების ისტორია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ფარული სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ვითომ გადატრიალება იგეგმებოდა, რომელზეც საქმე აღიძრა და არანაირი გამოხმაურება აღარ მოჰყვა. ასეთი გვაქვს ყველა არჩევნების წინ.
ყველაზე მტკივნეული მაგალითი არის რუკებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ორი ადამიანი ამისთვის ციხეში იყო 1 წელი. არარსებული რუკები ააფრიალა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც თითქოს რუსეთში მოიპოვეს და ამის გამო სასამართლო პროცესები იმართება, მაგრამ არც ერთხელ ეს საკითხი საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობას მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას, არცერთ დონეზე არ წარუდგენია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი
მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: „ცნობილი ნარატივი კვდება, ტყუილი აღმოჩნდა – სპეცოპერაცია ჩავარდა“