LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად ვამბობ სრულ სიმართლეს ამ სიმღერასთან დაკავშირებით… ვიცი, რომ ერთი ადამიანი მოისმენს და ყველაზე ბედნიერი იქნება“ – ლევან ყანდიაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში

443
ნოა

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნოა, ლევან ყანდიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „პირველი წამიდან“ პრემიერა შედგა.

ლევან, მოგვიყევი შენს შემოქმედებაზე, რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა?

ბავშვობიდან ვმღერი, სხვადასხვა კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას. ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა, როცა საკუთარ სიმღერას ვაკეთებ. ძალიან ხშირად მელოდიაც და ტექსტიც ჩემი არის ხოლმე. მე ვაკეთებ არანჟირებასაც. ეს უდიდესი სიამოვნებაა, რადგან საკუთარი თავის გამოხატვის უმაღლესი ფორმაა და ამან სხვა კომფორტში შემიყვანა, უკვე, მიჭირს, სხვა ადამიანების სიმღერა რომ ვიმღერო, ჩემი იმდენი მაქვს სათქმელი…

შენი შესრულებული პირველი სიმღერა რომ გაიხსენო…

რაც შეეხება პირველ სიმღერას, როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ძალიან პატარა ვიყავი, თემურ წიკლაურის სიმღერას „ეს ცხოვრება მალულად…“ რომ ვასრულებდი. აღფრთოვანებული ადამიანების მზერა მახსოვს, როგორ მოსწონდათ, პატარა ბავშვი ასე კაცურად რომ ვმღეროდი.

როდის და როგორ დაწერე პირველი სიმღერა?

თავიდან ლექსებს ვწერდი და ვმღეროდი. მერე, მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ეს ორი რამე ერთმანეთს დაკავშირებოდა და რაღაც კარგი გამოსულიყო. ბავშვობიდან ვწერდი რაღაც ჩანახატებს, მაგრამ სერიოზული ფორმა, სტრუქტურა არ ჰქონდა.

რაც შეეხება პირველ სიმღერას, მოვიდა ერთი გოგონა და მითხრა, მინდა, სიმღერა დამიწეროო. ძალიან ახალბედა ვიყავი არანჟირებაში და ა.შ. რაღაც მუსიკალური პროგრამა ვისწავლე და იქ ვაკეთებდი სიმღერებს. ამ გოგოს ვუთხარი, ვინ ხარ, გამეცანი, შენს ცხოვრებაზე მომიყევი-მეთქი. მომიყვა, ვინ იყო, რასაც გრძნობდა იმ მომენტში, იმ ეტაპზე და ოთახიდან რომ გავიდა, იმდენი ენერგეტიკა დატოვა, დაახლოებით, 5 წუთში, ზუსტად ვიცოდი, რა უნდა ემღერა. ეს იყო ჩემი პირველი სიმღერა, რომელსაც „იასამნები“ ჰქვია.

მინდა, გკითხო სიმღერებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გაჰიტდა…

ეს ნამუშევრებია „ალქაჯი“ და „აი დარდი“ და ეს ის სიმღერებია, რომლებიც მე ყველაზე ნაკლებად მიყვარს.

რატომ?

რადგან ეს სიმღერები ზუსტად იმისთვის დაუწერა, რომ გავარდნილიყო და გაჰიტებულიყო. ამ სიმღერებშიც დევს ალბათ ჩემი ნაწილი, მაგრამ ის გული, რაც „იასამნებში“ დევს, არ არის, არის რაღაც გათვლილი ფორმულა. ამ სიმღერებმა უდიდესი წარმატება მომიტანა, ის, რომ ადამიანებმა ის სიმღერები იციან, რასაც გულით ვმღერი, ამ ნამუშევრების დამსახურებაცაა, რადგან ამ სიმღერებმა მიიყვანა მსმენელი იქამდე.

ვისაუბროთ ახალ ნამუშევარზე „პირველი წამიდან“.

პირველად ვამბობ სრულ სიმართლეს ამ სიმღერასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ ერთი ადამიანი მოისმენს და ყველაზე ბედნიერი იქნება. ჩემი უკვე რძალი, ჩემი ძმის შეყვარებული რომ იყო, ერთმანეთთან იჩხუბეს. მე ვმეგობრობდი ჩემს რძალთან და შემხვდა, მითხრა, ვიჩხუბეთო. იმდენად განიცდიდა ამ ყველაფერს, რომ ეს ემოცია უბრალოდ გადმომედო და როცა სახლში დავბრუნდი, ეს სიმღერა დავწერე. რომ მოვასმენინე, ვუთხარი, გახსოვს, დაშორებულები რომ იყავით და რომ მელაპარაკებოდი, ეს ემოცია ჩემამდე მოვიდა და სიმღერა დავწერე-მეთქი. ეგოისტურად მითხრა, ესე იგი, ეს სიმღერა ჩვენზე დაწერეო. დღემდე ვკამათობთ ამ თემაზე, ვეუბნები, არა, შენზე არ დამიწერია, უბრალოდ, შენ გარკვეული ემოცია მაჩუქე და მერე, ამ ემოციიდან გამომდინარე  სიმღერა შეიქმნა-მეთქი. ეს სიმღერა 2 წლის წინ დავწერე. ნამუშევარი ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

შენი სიმღერების ტექსტებიდან გამომდინარე, მინდა, გკითხო, დეპრესიული, სევდიანი ადამიანი ხარ?

ემოციურიც ვარ, ცოტა მელანქოლიკიც, მაგრამ გულის სიღრმეში, ურთიერთობაში, მეგობრებთან მსგავსი არ მეტყობა.

საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს?

დაახლოებით, თხუთმეტამდე სიმღერა მაქვს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს, როცა ბავშვებისთვის როცა ვწერ მხიარულ სიმღერებს.

ნოა – პირველი წამიდან

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნოა – თეთრი ღამე. Live

ნოა (ლევან ყანდიაშვილი). “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები