აშშ-ში, ნიუ-იორკის მკვიდრმა მოსაწყენი სამსახური მიატოვა და სამოგზაუროდ გაეშურა. 34 წლის კრისტინა კორნიელის ისტორიას The Sun ავრცელებს.
კრისტინა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში მუშაობდა და სამსახურიდან წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კვირაში 100 საათი მუშაობა მოუწია.
„დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ მსურდა ჩემი დღის გატარება. მეტი მზის სხივი მჭირდებოდა, მეტი ფიზიკური აქტივობა, მეტი დრო ოჯახისთვის, მეტი ბუნება, მეტი სწავლა, მეტი აზარტი, მეტი პირადი განვითარება და მეტი თავისუფლება“, – ამბობს ამერიკელი.
2017 წელს ქალი ტაილანდში სამოგზაუროდ მარტო წავიდა. გზაში ის ბევრ თანამოაზრეს გადააწყდა. ახალი ნაცნობების დახმარებით კრისტინამ ონლაინ სწავლება დაიწყო და მალე კონტენტის შექმნითაც დაკავდა.
ცოტა ხანში ქალმა აღმოაჩინა საქმე, რომელიც მოგზაურობის დროს ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემდა – შინაური ცხოველების მოვლა დაიწყო. კრისტინა კალიფორნიაში, ლონდონში და ტეხასში უფასოდ ცხოვრობდა და თან ამისთვის გასამრჯელოსაც იღებდა.
ქალმა უკვე მოიარა თითქმის მთელი ევროპა და გაჩერებას არც მომავალში აპირებს.