რა არის კანის სიმშრალე და რა უნდა ვიცოდეთ ატოპიურ დერმატიტზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ ისაუბრა.
სიმპტომებით ვლინდება კანის სიმშრალე?
კანის სიმშრალე კლინიკურად გამოხატული და სუბიექტურად აღქმადი პრობლემაა. განსხვავებული მიზეზების მიუხედავად, ის ხშირად იწვევს დაჭიმულობის, მსუბუქი ქავილის და დისკომფორტის შეგრძნებას. კანი ხდება უხეში, მსუბუქად აქერცვლადი, მისი ზედაპირი ადვილად ზიანდება, ხშირია ნახეთქების გაჩენა.
რა იწვევს კანის სიმშრალეს?
კანის სიმშრალის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ზოგადი პათოლოგიები (ენდოკრინული დაავადებები, ხშირად შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი), ასევე კანის პათოლოგიები (კანის ქსეროზი, ვულგარული იქტიოზი, ატოპიური დერმატიტი, ფოლიკულური კერატოზი, ფსორიაზი).
რა არის ატოპიური დერმატიტი?
ატოპიური დერმატიტი კანის გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებებით ხასიათდება. ის გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში განვითარებული პათოლოგიაა, რომელიც კანის მნიშვნელოვანი ცილის „ფილაგრინის“ დეფიციტით ვლინდება. ატოპიური დერმატიტის განვითარების საფუძველია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა. ამ დროს კანი კარგავს წყალს, ხდება მშრალი და ადვილად შეღწევადი სხვადასხვა მიკრობებისა და ალერგენებისთვის.

რა სიმპტომებით ვლინდება ატოპიური დერმატიტი?
ატოპიური დერმატიტის „გასაღები სიმპტომი“ არის ქავილი, რომელიც მეტად შემაწუხებელია დღის ნებისმიერ დროს. დაავადების დროს კანზე გამოვლენილი გამონაყარი ასაკთან ასოცირებული თავისებურებებით განისაზღვრება. ატოპიური დერმატიტის პირველი გამოვლენა ძირითადად ხდება ორი-სამი თვის ასაკში. დაზიანების კერები უპირატესად მოიცავს სახეს, კისრის არესა და სკალპს. ლოყების არეებში ვითარდება სიწითლე, ხშირად ზედაპირზე წვრილბუშტუკოვანი გამონაყარით; ზოგჯერ კი გამონაყარი განისაზღვრება მკვეთრი სიმშრალითა და სიწითლით.
მოზრდილებში ატოპიური დერმატიტი ძირითადად ვლინდება იდაყვებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე მოვარდისფრო-იისფერი ლაქოვანი, ოდნავ გასქელებული (ლიქენიფიცირებული კანი) გამონაყარის კერებით, რომელიც ხშირი და ხანგრძლივი ქავილის შედეგია. ამ არეებში შეინიშნება ქავილის შემდგომ განვითარებული ზედაპირული ნაკაწრებიც. სპეციფიკური ლოკალიზაციების გარდა ატოპიური დერმატიტის გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს კანის სხვა უბნებშიც ვარდისფერი, მსუბუქად აქერცლილი ლაქების სახით.
გართულებები და გამწვავებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები:
ატოპიური დერმატიტი ხშირად რთულდება სტაფილოკოკური ინფექციით, კანის ვირუსული ინფექციებით, კანის სოკოვანი ინფექციებით. დაავადების თანმხლები შემაწუხებელი ქავილი არაიშვიათად ემოციური დაძაბულობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი ხდება.
დაავადების გამწვავებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება გარემო პირობების ცვლილებები ( ტენიანობის, ტემპერატურის ), კანის კონკრეტულ ნივთიერებებთან კონტაქტი (არომატიზატორების შემცველი კოსმეტიკური, მოვლის საშუალებები), უხეში ტანსაცმლის ტარება და სხვა.
რეკომენდაციები: