რა დანიშნულება აქვს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ვიტამინებს, რომლებიც სააფთიაქო დახლებზე იყიდება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.
რა დანიშნულება აქვს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ვიტამინებს?
არანაირი როლი არ აქვს ამ დანამატებს. როდესაც ვსაუბრობთ მედიცინაზე, როდესაც ექიმი ერევა პაციენტის ჯანმრთელობაში, ეს ნიშნავს რომ პათოლოგიური პროცესი უნდა გამოსწორდეს. პაციენტი იმიტომ სვამს ან იკეთებს ნემსს, რომ მიიღოს ეფექტურობა და უსაფრთხოება. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ფარმაკოლოგიური მექანიზმები, რომლებმაც პათოლოგიური პროცესი უნდა გამოასწოროს.
ალბათ იკითხავთ, რატომ არის საერთოდ საჭირო ვიტამინები? ვიტამინებს აქვთ თავისი როლი, თავისი დანიშნულება, როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იღებს გარკვეულ დანამატებს, მათ შორის ახლა ყველაზე პოპულარულია ვარჯიშის დროს მისაღები დანამატები, უნდა დაისვას კითხვა, რა სარგებელს აძლევენ ისინი ადამიანს.
მე სპორტული ექიმიც ვარ და სპორტული ვარჯიში და კვება ჩემი სფეროა. თუ საუბარია კუნთის ხელოვნურ გაზრდაზე ამ დანამატებით, ეს არ არის სასარგებლო და დამაზიანებელია ორგანიზმისთვის. პროტეინი, ცილა, ნახშირწყალი თუ ცხიმი – ყველას აქვთ განსაზღვრული ლიმიტაცია. რეკომენდებული დღიური ნორმა დგინდება ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ. ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ და იღებენ ამ დანამატებს, უნდა ნახოთ რამდენად გადაჭარბებულად იღებენ.
გადაჭარბებული ცილის მიღება დანამატების სახით ორგანიზმისთვის საზიანოა. ცილის მიღება საკვები პროდუქტებიდან საკმარისად არის შესაძლებელი. ცილას ახასიათებს ცხიმად გადაგვარება. ეს ცხიმი არ არის აუცილებელი იყოს კანქვეშა. შეიძლება ვისცელარულ ორგანოებში ჩალაგდეს და რეალურად მიიღოს ზიანი ადამიანმა. კიდევ ერთი თემა, ეს არის უსაფრთხოების საკითხი. მედიკამენტებისგან განსხვავებით, საკვები დანამატები და ვიტამინებიც მათ შორის არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აწარმოოს ვიტამინი და გაიტანოს სააფთიაქო დახლებზე, არ მოწმდება არსად, მათ შორის არც ამერიკაში. მითია, როდესაც მსგავსი დანამატების ან ვიტამინების მწარმოებელი კომპანიები FDA სერტიფიკატზე მიუთითებენ, ტყუილია, ისინი არ მოწმდება. FDA მყიდველს, რომ საკვები დანამატები და არამედიკამენტები არ მოწმდება და არ არის უსაფრთხო. ის შეიძლება შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია.
აქვე, ეს დანამატები შეიძლება შეიცავდეს ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს… ხშირად აწერია საკვებ დანამატს, რომ არის ტესტოსტერონის მაბუსტირებელი, არ არსებობს ასეთი საკვები დანამატი, დიდი ალბათობით ის შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც ვნებს ორგანიზმს.

მინდა გკითხო იმუნიტეტის გამაძლიერებლებზეც, არსებობს თუ არა რეალურად ასეთი ტიპის გამაძლიერებელი?
თუ რომელიმე პაციენტს ექიმმა უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი აუმაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია. იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს. მომავალში თუ ვინმე შექმნის, მიიღებს ნობელის პრემიას.
ჩემი უამრავი პაციენტი ნამყოფია ექიმთან, სისუსტის ჩივილით და საერთოდ არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატი და ვიტამინები. ანალიზებში რეფერენსული ზღვარი თუ არის 200-დან 300-მდე, ხოლო პასუხია 199 – ამაზე უნიშნავენ ვიტამინს ზედოზირებით. საზოგადოებას არ ახსოვს, რომ არსებობს ჰიპერვიტამინოზის საფრთხეც. გადაჭარბებული ვიტამინების მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას.

ვიტამინები შექმნილია იმისთვის, რომ საჭიროების მიხედვით მიიღოს პაციენტმა. მაგალითად D ვიტამინი უნდა მიიღოთ საჭიროების მიხედვით და არ უნდა მიიღოთ პროფილაქტიკის მიზნით. რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ის განკუთვნილია მალნუტრიციაში მყოფი პირებისთვის. მაგალითად, ვინც სიმსივნით არის დაავადებული და ქიმიის გამო ვერ იკვებება.
D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის ორ წლამდე ასაკი, როცა ხდება რაქიტის პროფილაქტიკა და ორ წლამდე ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს.
რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებულები ექიმები? ანალიზის პასუხებზე. ენდოკრინოლოგთა საზოგადოება რეფერენსულ ნორმაზე ვერ თანხმდება. საქართველოში წერენ 30 ნანოგრამიდან 100-მდე, არადა რეფერენსული ნორმა, სამეცნიერო მტკიცებულებებით, 20 ნანოგრამიდან ზევით ითვლება.
ვინახავ ჩემი პაციენტების ასეთ დანიშნულებებს. მაგალითად, მოვიდა პაციენტი, ანალიზის პასუხი აქვს პირობითად 23, ამაზე დანიშნული აქვს 50 ათასი ერთეული D ვიტამინი კვირაში. ეს არის დინოზავრის დოზა. D ვიტამინის დაგროვება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას – ეს არის დანაშაული.

გლობალური „მოდაა”, საქართველოს მოსახლეობის 80 იღებს D ვიტამინს.
პაციენტი უნდა იყოს განათლებული. მედიცინა მაღალ საფეხურზეა იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი განათლებულია. თუ ექიმმა რაღაც დაგიწერა დანიშნულებაში , თვალდახუჭულმა არ უნდა იმკურნალო. პაციენტი ჩემთან რომ მოდის, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი კონსულტაციის თანხა ავიღო. ჯერ ვუხსნი რა დაავადებაა, რატომ დაემართა, თუ არის საშუალება შევთავაზო მკურნალობის რამდენიმე მოდელი. თუ ამის შესაძლებლობა არაა, ვეუბნები რომ აქვს ერთადერთი ვარიანტი, იმკურნალოს რამე კონკრეტულით. ამას ჰქვია გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს.