LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა თანკბილვამ – სილამაზის აკადემია

576
თამარ-რობაქიძე

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა თანკბილვამ – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ორთოდონტმა თამარ რობაქიძემ ისაუბრა.

პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა თანკბილვამ

1.არასწორი თანკბილვის გამო სახე კარგავს სიმეტრიას, ირღვევა კბეჩისა და ღეჭვის ფუნქცია, რაც თავის მხრივ წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს.  ესენია: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია. პაციენტი  უჩივის თავბრუსხვევას, თავის ტკივილებს, უძილობას, პირის გაღების შეზღუდვას, ტკაცუნს, ხმაურს და ტკივილის ყურის არეში.

2.კბილთა მჭიდრო დგომის გამო ვერ ხდება სრულყოფილი ხეხვა, წარმოიქმნება ჯერ რბილი შემდეგ მაგარი ნადები (ქვები), ვითარდება ქრონიკული ანთება. პაციენტს აწუხებს არასასიამოვნო  სუნი პირის ღრუდან. თანამედროვე კვლევები ადასტურებენ, რომ ქრონიკული პაროდონტიტი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი გულის დაავადების, ინსულტის, ალცჰეიმერის განვითარებაში.

ასევე არასწორი თანკბილვის გამო ხდება კბილის მაგარი ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა, იმატებს მგრძნობელობა, იცვლება კბილის ფერი და ფორმა, რასაც საკმაოდ განიცდიან პაციენტები.

3. მრავლობითი კარიესები.

4.ტრავმის მიღების მომატებული რისკები. კბილის გვირგვინოვანი ნაწილის მოტეხილობა, განსაკუთრებით ბავშვებში.

6.ნაადრევი დაბერება. მიმიკური და ღრმა ნაოჭების გაჩენა.

ყველაფერი ეს კი ხელს  უშლის პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში. გარდა ამისა, ყველა ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ დიდ  ფინანსებს უკავშირდება, რაც სამწუხაროდ, ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ უმჯობესია და აუცილებელიც დროულად მიმართოთ ორთოდონტს, რათა დაიგეგმოს შესაბამისი მკურნალობა ან პროფილაქტიკა.

რატომ არის აუცილებელი კბილთა დგომისა და თანკბილვის ანომალიების კორექცია?  

ორთოდონტიული მკურნალობა აუცილებელია, რათა სრულად აღდგეს ღეჭვის, კბეჩის ფუნქცია, გამოსწორდეს სახის ესთეტიკა, მოხდეს სახსრის სტაბილიზაცია, პაროდონტის ქსოვილის განტვირთვა, კბილისა და თანკბილვის სწორ პოზიციაში დაყენება, რათა პაციენტმა შეძლოს ჯანმრთელი და ბედნიერი ღიმილით ცხოვრება ტკივილისა და კომპლექსების გარეშე.

საჭიროა თუ არა ბრეკეტების მოხსნის შემდეგ მკურნალობის გაგრძელება?

აქტიური ორთოდონტიული მკურნალობის დასრულების შემდეგ იწყება რეტენციული პერიოდი. პაციენტს აღარ უწევს ექიმთან ვიზიტებზე სიარული, მხოლოდ პერიოდულად მონიტორინგისთვის. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად პაციენტს უკეთდება რეტეინერი.

არსებობს ორნაირი: ფიქსირებული ანუ მოუხსნელი და მოსახსნელი. პირველის შემთხვევაში  წინა კბილების უკანა ზედაპირებზე ბჟენებით მაგრდება ფოლადის პასიური რკალი. მეორე ესენია გამჭვირვალე კაპები ან ფირფიტოვანი აპარატები.

რეტენციული პერიოდი გრძელდება მინიმუმ 3 წელი დამოკიდებულია რა სახის ანომალია იყო და რამდენ ხანს გრძელდებოდა მკურნალობა.

ბრეკეტსისტემით მკურნალობა საჭიროა ხშირად ორთოპედიული მკურნალობის სწორად წარსამართად.

თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიღწევაა პაციენტისადმი მულტიდისციპლინური მიდგომა, რათა  მოგვარდეს არა მხოლოდ ესთეტიური პრობლემა, არამედ მოხდეს მისი შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ფუნქციური რეაბილიტაცია.

ხშირად ჩვენ ორთოდონტები ვამზადებთ პირის ღრუს ორთოდონტიულად, ვასწორებთ თანკბილვას, ვქმნით ან ვხურავთ სივრცეებს რათა ორთოპედმა შეძლოს გამართული სამუშაოს შესრულება. ამ დროს ჩვენ ვასრულებთ ერთგვარად ორთოპედის დავალებას. ექიმი ამოწმებს სიტუაციას. პაციენტი იწყებს უკვე მკურნალობის შემდგომ ეტაპს ორთოპედთან. ამ დროს ჩვენი მისია დასრულებულია, ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში შემცირებულია.