”ფლატეს” მწარმოებელ კოპანიას ექსპორტზე გასვლა კვლავ უჭირს. შპს ”ქართული წყალი და კომპანია” საჭირო ფინანსების არ ქონაზე საუბრობს, რის გამოც, წყალს მინის ბოთლებში ამ დრომდე ვერ ასხამს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მერაბ კუბლაშვილმა განუცხადა, უცხოური ქვეყნების მხრიდან ”ფლატეს” წყალზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ისინი ბოთლებს იწუნებენ.
”ამჯერად დაკვეთა რუსეთისგან და ბელარუსისგან მივიღეთ. თუმცა, როდესაც პროდუქციის გატანა გვინდა საექსპორტოდ, მოთხოვნა ძირითადად მინის ბოთლებზეა, რაც ჩვენ არ გვაქვს. რამდენიმე წელია ვითხოვთ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ ”, – აღნიშნა კუბლაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში კომპანია გეგმავს თხოვნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართოს.
”ვიმედოვნებ, პრემიერი დაინტერესდება ჩვენი კომპანიის პრობლემით და გამოსავალს ერთად ვიპოვით. გვაქვს სურვილი სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისა და დაფინანსების მიღების”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, კუბლაშვილის ინფორმაციით, აქ ”ფლატეზე” მოთხოვნა მზარდია. თუმცა, კომპანიას ხელის შემშლელი ფაქტორები რეალიზაციის კუთხითაც აქვს. როგორც მერაბ კუბლაშვილი ამბობს, ”ფლატეს” საწარმოს თვიურად 2-3 მილიონი ბოთლის წარმოება შეუძლია, მაგრამ ამ რაოდენობით წყალს არ აწარმოებენ, რადგან, წარმოებული წყლის მხოლოდ 10%-ის გაყიდვა ხერხდება. ”სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე სავაჭრო ქსელთან ვთანამშრომლობთ და ბევრგან ვერ შევდივართ. ამის მიზეზი არის ის, რომ რიგირი სავაჭრო ობიექტები ჩვენს კონკურენტებთან თანამშრომლობენ. ამასთან, არ გაგვაჩნია არც საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ”ფლატე” ვერც კვების ობიექტებში შედის, რადგან რესტორნები და კაფეები, ისევე როგორც საექსპორტო ქვეყნები, პროდუქციას მინის ბოთლებში ითხოვენ.
ცნობისთვის, ”ქართული წყალი და კომპანია” 2012 წელს დაფუძნდა. მასში დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო, რომელშიც 50 ადამიანია დასაქმებული, სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონში მდებარეობს. ამ ეტაპზე კომპანია წყალს სამი შეფუთვით უშვებს, ნახევარ-ლიტრიან, ერთ ლიტრიან და ლიტრა-ნახევრიან ბოთლებში.
