რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მუსიკოსი მედეა მირიანაშვილი სტუმრობდა, რომელმაც წარმატებთ გამართულ კონცერტზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები გაგვიზიარა. გადაცემაში მედეას და აჩიკო მეფარიძის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა შედგა.
მედეა, არაჩვეულებრივი კონცერტი გამართე „Tbilisi Big-Band“-თან ერთად, მოდი, შევაჯამოთ ეს ღონისძიება.
კი, ნამდვილად, ჯადოსნური საღამო იყო. დავიწყებ „Tbilisi Big-Band“-ზე საუბრით, ეს არის არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური, ნიჭიერი მუსიკოსების ნაკრები. თითოეული მათგანი არის ცალკე აღებული ვარსკვლავი. შემიძლია, დაუსრულებლად ვისაუბრო მათზე. არაჩვეულებრივ ენერგეტიკას ასხივებენ. მათთან მუშაობა ძალიან დიდი საჩუქარი და ბედნიერებაა.
ეს კომპოზიციები, ჯაზური თემები, საორკესტრო ვერსიები ისევ ამ ორკესტრის ერთ-ერთმა წევრმა, რომან პოღოსოვმა, უნიჭიერესმა მუსიკოსმა შექმნა. ორკესტრს დირიჟორობას უწევდა კახი ჯაგაშვილი, ასევე გენიალური შემსრულებელი. სოლოები ჰქონდათ ბატონ ოთარ მაღრაძეს, ქალბატონ დინი ვირსალაძეს, დათო ქოიავას, გიორგი სამსონაძეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, რომ მათთან მუშაობის საშუალება მომეცა.
კონცერტი „შერატონში“ გაიმართა.
რეპერტუარი არაჩვეულებრივად იყო შერჩეული. რეპერტუარის შერჩევაში ძალიან დამეხმარა ბატონი გაიოზ კანდელაკი. ძალიან დაგვეხმარა ქალბატონი დინი ვირსალაძეც, მისი იდეა იყო, მაგალითად „მუსიკის ჰანგები“. არაჩვეულებრივი ვერსია შექმნა რომან პოღოსოვმა და თამამად ვაცხადებ, რომ ეს ნომერი ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა, „My Favorite things“, გირჩევთ მოისმინოთ.
დამუშავების პროცესშია კონცერტზე გადაღებული მასალა და ამას ძალიან ელოდებიან პროდიუსერები, ლოს-ანჯელესში, ასევე ბულგარეთში. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ცნობილი ბულგარელი მუსიკოსი, ჟივკო პეტროვი აღფრთოვანებულია ქართული მუსიკით, კერძოდ, ვაჟა აზარაშვილის ძალიან ბევრი ნაწარმოებით. მე თავად ვასრულებ ბატონი ვაჟას რამდენიმე სიმღერას, თავად მისგან მაქვს კურთხევა, შენ რაც გინდა ის იმღერეო, მომცა ნებართვა და უკვე ბევრი წელია, ვმღერი ბატონი ვაჟას ნაწარმოებებს. ჟივკო პეტროვი ელოდება ბატონი ვაჟას მუსიკას, რომ მის ორკესტრთან ერთად, ჩემი შესრულებით, სოფიაში გაჟღერდეს ეს ნაწარმოები.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, თქვენს ეთერში რაც გავაჟღერე, წინასწარი პროგნოზით, ყველაფერი ამიხდა, კეთილი ჯადოქრები ხართ.
ვისაუბროთ ნამუშევარზე, რომლის პრემიერაც ჩვენს ეთერში შედგება, საიდან გაჩნდა აღნიშნული ნამუშევრის იდეა?
ეს არის აჩიკო მეფარიძესთან ერთად შექმნილი ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ „iconic“, იტალიური სიმღერა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მე და აჩიკო საერთო ნამუშევარზე შევთანხმდით. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა, რადგან აჩიკო უკვე მეტრია სცენაზე და მას ზუსტად ასეთი დონის ნაწარმოები შეესაბამებოდა და ავიღეთ სიმღერა „უშენოდ სიცოცხლე წარმოუდგენელია“. რა თქმა უნდა, ნაწარმოები სიყვარულზეა. საინტერესო იყო ის, რომ მე და აჩიკო სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავით, ტელეფონით გვქონდა საუბარი და ტელეფონით მიდიოდა სამუშაო პროცესი. მე ვიყავი კუშაველში, თან საკმაოდ რთულ მთებზე ვსრიალებდი, თან ყურსასმენები მეკეთა და ვმღეროდი და ვმეცადინეობდი. ჩამოსვლისთანავე შევედით სტუდიაში და ჩავწერეთ. ჩაწერის პროცესში ზურა მახნიაშვილი, ასევე ძალიან კარგი მუსიკოსი დაგვეხმარა. ნამუშევარზე შეიქმნა ვიდეორგოლიც, რომელიც კინო ხარისხის არის. ვიდეოს რეჟისორი გახლავთ დათო გევორქოვი და დათო აბულაძე. ძალიან კარგი ნამუშევარია. ვიდეო უკვე განთავსებულია „იუთუბზეც“. ძალიან მაინტერესებს ამ ნამუშევრის შემდგომი ბედი, ვნახოთ, რას მოგვიტანს.
ვიცი, რომ უცხოეთში ყველა შენი კონცერტი ქართული მუსიკით იხსნება…
კი, ნამდვილად.