LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიკალურ ოპოზიციას თითქოს უხარია, რომ ვითომ რაღაც არგუმენტი მოძებნა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ დროს ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ზიანს აყენებენ საკუთარ სახელმწიფოს: გურამ მაჭარაშვილი

71
macharashvili (1)

“სამწუხაროდ ასეთი ტიპის ფაქტებზე რადიკალურ ოპოზიციას თითქოს უხარია, რომ რაღაც არგუმენტი მოძებნა, ვითომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ამ დროს კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ზიანს აყენებენ საკუთარ სახელმწიფოს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ 5 ივლისს საქართველოში მომხდარ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რა როლი ჰქონდა საპატრიარქოს ამ პროცესებში, როგორ მოქმედებდა პოლიცია და ხელისუფლება – მაჭარაშვილის შეფასებით, საპატრიარქოს პოზიცია ყოველთვის იქნება, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. რაც შეეხება სამართალდამცავებს, უმრავლესობის დეპუტატი თვლის, რომ პოლიციამ ბოლო დღეების განმავლობაში მაღალი დონის სტანდარტი აჩვენა.

“საპატრიარქოს პოზიცია იყო არის და იქნება, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. შეიძლება საპატრიაქოს ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია სხვა აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ არამც და არამც, ის არ ემთხვევა ამ კონკრეტულს. თუ სადმე გარკვეული ტიპის ძალადობას აქვს ადგილი, ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. იცით, რომ საპატრიარქომ საჯაროდ არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მოუწოდა ადამიანებს მისულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიათან და ელოცათ.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აჩვენა მაღალი დონის სტანდარტი. ისინი ცდილობდნენ ადამიანები მოექციათ კანონიერ ჩარჩოში. ამასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება გააკეთა შსს-მ, სად, რომელ ლოკაციაზე, როგორ გადაადგილდებოდა პოლიცია. მიზეზიც ახსნეს, რომ ბევრ ლოკაციაზე მოხდა აგრესიულად განწყობილი ადამიანების დაპირისპირება და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დროულად ვერ მოხერხდა იძულების ფაქტების აღკვეთა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არის დასაგმობი ნებისმიერი ტიპის იძულება, მით უფრო მედიის წარმომადგენლებზე.

ჩვენ თუ დავაკვირდებით, სამწუხაროდ, როდესაც ასეთი ტიპის ფაქტები ხდება, რადიკალურ ოპოზიციას თითქოს უხარია, რომ ვითომ რაღაც არგუმენტი მოძებნა, ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ დროს ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ზიანს აყენებენ საკუთარ სახელმწიფოს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

mazda magti 5g