რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ამზადებდა, სადაც ქვეყნის წამყვანი მუსიკოსები იყვნენ ჩართული. „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგური, საკუთარი ფორმატების შესაბამისად, მაქსიმალურად უწყობდა ხელს უკვე ცნობილ ვარსკვლავებს თუ ახალბედა მომღერლებს საკუთარი ნამუშევრების ფართო მასებისთვის წინაშე წარმოჩენისთვის.
რადიოჰოლდინგის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი ასეთი პროექტის შექმნის დრო დადგა. „ქართული ტალღა“ ეროვნული კონკურსია, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის უცნობი ახალი მუსიკოსების აღმოჩენა, მათი ფართო მსმენელისთვის წარდგენა და პოპულარიზებაა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა მისამართზე [email protected] 1-ელ იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ შესრულებული სიმღერების youtube-არხზე ატვირთული ლინკი, სამოყვარულო ვიდეოფორმატში. გამოგზავნილი ნამუშევრებიდან რადიოჰოლდინგის მიერ დაკომპლექტებული პროფესიონალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო 20-ეულს, რომელთა ნამუშევრები აიტვირთება ვებპორტალზე fortuna.ge.
აღსანიშნავია, რომ ჟიური უპირატესობას მიანიჭებს ავტორ-შემსრულებლებს, ანუ მათ, ვინც თავად ქმნის და ასრულებს სიმღერებს, თუმცა კონკურსანტებს ცნობილი ქართული სიმღერების რიმეიკების წარდგენაც შეუძლიათ. მთავარი პირობა არის ის, რომ სიმღერა აუცილებლად უნდა იყოს ქართული, ჟანრს კი მნიშვნელობა არ აქვს.
fortuna.ge-ზე ატვირთული სიმღერებისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სამი თვის განმავლობაში. ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხმა მისცეს საკუთარ ფავორიტს. მიღებული ხმებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილების შედეგად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გამარჯვებულებისთვის დიდი სიურპრიზი აქვს – „ფორტუნას“ ხმის ჩამწერ სტუდიაში თითოეულ მათგანს სიმღერას ჩაუწერენ, რომლის შექმნაშიც, კონსულტანტების სახით, მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსები. „ფორტუნა“ სამივე გამარჯვებულს აქტიურ პრომოუშენს ჰპირდება. ცნობილი ჰიტების ქავერ ვერსიები თუ სრულიად ახალი სიმღერები – ფორმატისა და ჟანრის გათვალისწინებით, რადიოჰოლდინგის ოთხ რადიოსადგურში გადანაწილდება. ეს ხელს შეუწყობს ახალბედა არტისტების პოპულარიზაციას და მათი შემოქმედების გაცნობას რაც შეიძლება მეტი მსმენელისთვის.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ახალი ეროვნული მუსიკალური კონკურსის მთავარი მიზანი ახალი მუსიკალური პროდუქციის შექმნაა.