„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 31 მარტის აქციაზე, მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაეტოვებინა. ამის შესახებ ბოკუჩავას „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სიახლე ვერ გააჟღერა.
„31 მარტის აქციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი აქცია იყო ამ თარიღის ისტორიულობიდან გამომდინარე, თუმცა იმ განაცხადის შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოვისმინეთ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან უკმაყოფილება იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.
„ყველაზე დიდი დისტანცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა, რომელმაც სცადა შეემაგრებინა საქართველოში ევროპის დროშა, როდესაც მას რუსები გვართმევენ, არ შეიწყალა მეორე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ექსკლუზიური უფლება, რომელსაც ვერ შეეცილებოდა და ვერ შეედავებოდა ვერავინ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.