LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ჰქონდა გიორგი ნემსაძეს ყველაზე დეპრესიული პერიოდი, ეჭვიანობდა თუ არა პოპულარულ ფეხბურთელზე მეუღლე და რა მოლოდინები აქვს ევრო 2024-ზე: „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასიხარულო წუთები გველის, ღმერთის და ჩვენი ბიჭების შრომის წყალობით!..“

903
გიორგი-ნემსაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, უცხოური გუნდებისა და „დინამო თბილისის“ მოთამაშე, გიორგი ნემსაძე fortuna.ge-ს თავისი კარიერის, წარმატებების, ოჯახისა და რაც მთავარია, ევრო 2024-ზე მოლოდინების შესახებ ესაუბრება.

გიორგი, როგორც ვეტერან ფეხბურთელს, არ შემიძლია, არ გკითხოთ იმ ემოციების შესახებ, რომლებიც ძალიან მალე გველოდება, როდესაც საქართველოს ნაკრები წარდგება ევროპის ჩემპიონატზე და პირველ თამაშს ითამაშებს 18 ივნისს. რა ემოციებია ეს პირადად თქვენთვის?

არ ვიცი… ასეთ სიტუაციაში ვყოფილვარ და მიფიქრია ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესახებ. ასეთი მოდული რომ ყოფილიყო, ჩვენც გვექნებოდა შანსი. ჩვენმა ნაკრებმა ამ ნაბიჯით ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულ ფეხბურთში. როდესაც მოვლენების ეპიცენტრში ხარ, საკუთარ თავზე განიცდი, როცა ხედავ, რომ ყველა ბედნიერია და გახარებულია, იმის ხარჯზე, რომ ეს უშუალოდ შენი, როგორც ფეხბურთელის ხარჯზე მოხდა, ასეთი რამ მე პირადად, სამწუხაროდ, არ განმიცდია. ძალიან დიდი საქმე გააკეთეს და დიდი სიხარული მიანიჭეს ქართველ გულშემატკივარს. ამაზე ნაფიქრი, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს აქვს…

დღეს გარკვეული გულისწყვეტა ხომ არ გაქვთ, რომ თქვენ არ იყავით ის ფეხბურთელი, რომელმაც ასეთი დიდი განცდები მოუტანა ქვეყანას…

გულისწყვეტას ვერ დავარქმევდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრს უფიქრია ამაზე. ჩვენც გვეგონა, რომ ამას შევძლებდით… ჩვენ რომ ვერ მოვახერხეთ, ეს არის გულდასაწყვეტი, თორემ ბიჭებმა რომ მოახერხეს, ამაზე გული როგორ უნდა დაგწყდეს ადამიანს… მახსენდება ფინალური ეტაპი, თბილისში რომ წავაგეთ მაკედონიასთან, ფაქტობრივად, კარი შეღებული გვქონდა და ვერ შევედით. ეს ორი წლის წინ იყო და ძალიან დიდ განცდებში ვიყავი… ახლა კი, ეს შანსი ხელიდან რომ არ გაუშვეს, რაც თბილისში ვნახეთ, ის სიხარული საერთოდ, არც კი ვიცი, როგორ უნდა აღვწერო…

რა მოლოდინი გაქვთ?

არ მიყვარს დაანონსება! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასიხარულო წუთები გველის, ღმერთის და ჩვენი ბიჭების შრომის წყალობით!..

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, წლების განმავლობაში, ინარჩუნებდა ქომაგებს, მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა… როცა თქვენ აქტიურ ფეხბურთში იყავით, პოპულარობას როგორ შეიგრძნობდით?

ჩვენ – უფრო მეტად ფრაგმენტულად შევიგრძნობდით. ჩვენ კომპლექსური დიდი გამარჯვებისთვის არ მიგვიღწევია. გარკვეულ თამაშებში გვქონია დიდი წარმატებები. მაგალითად, უელსის ნაკრებს თბილისში ხუთით ნული მოვუგეთ. იმ მომენტში ამის წარმოდგენა ძალიან რთული იყო… ფრაგმენტული წარმატებები იყო, მაგრამ მცირე…

ამ გადმოსახედიდან, თქვენს კარიერაში დიდ წარმატებად რას მიიჩნევთ?

„დინამო თბილისში“ რომ დავბრუნდი, უცხოური გუნდები მოვლილი მქონდა, მე ხომ „დინამოში“ დავამთავრე ჩემი, როგორც ფეხბურთელის კარიერა… როგორც ჩემპიონთა ლიგა, ამ ფორმატით მოხდა გათამაშება და პირველივე გათამაშებაში, როცა ქვეჯგუფიდან გავედით და მოვხვდით იქ, სადაც იყვნენ „ნიუკასლი“, „სპორტინგი“, „პანიონისი“, ეს იყო ქართულ ფეხბურთში დიდი წარმატება. მქონდა უცხოურ გუნდებში წარმატებები, თუმცა ეს არ იყო ქართული ფეხბურთის გამარჯვება პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემი მოღვაწეობით „დინამო თბილისით“ მივაღწიეთ, მასშტაბური წარმატება რასაც შეგვიძლია დავარქვათ. ძალიან სასიხარულო იყო რუსეთთან მოგებული თამაში, დატვირთული ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად. დავამარცხეთ და მთელი ქალაქი გარეთ იყო…

ფსიქოლოგია ახსენეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში თუ გქონიათ დეპრესიული პერიოდები?

დეპრესია მქონდა, გეტყვით, როდის… იმედი რომ მქონდა, ჩემს საფეხბურთო კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადამედგა, მაშინ… ამას მარცხს დავარქმევდი. ხელს ვაწერდი „ატლეტიკო მადრიდთან“ ხელშეკრულებას. ეს გუნდი ვარსკვლავებით იყო დატვირთული. დიდხანს ველოდებოდი ამ მოლაპარაკების დასრულებას, რომელიც სასიკეთოდ უნდა დამთავრებულიყო. როცა ჩვენ პირველად ვეთამაშეთ იტალიის ნაკრებს და მისმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ რომ ნახა ჩემი თამაში, საყრდენ ნახევარმცველს ეძებდნენ. ძალიან მოეწონა ჩემი თამაში. იმ დროს „ატლეტიკო მადრიდში“ მუშაობდა. დამირეკა ჩემმა მენეჯერმა, ახლავე აიღე ბილეთი ხვალინდელ რეისზეო. მაშინ ციურიხში ვთამაშობდი. იმ პერიოდში „ატლეტიკო მადრიდის“ პრეზიდენტი იყო ხესუს ხილი. ჩემმა მენეჯერმა მითხრა, საგარანტიო ფურცელზე ხელი უნდა მომიწერონ და შემდეგ სავახშმოდ მივდივარ, უკვე მადრიდში ვარო. წავედი, ავიღე ბილეთი, მაგრამ ეს ამბავი არავისთვის გამიზიარებია. არ მინდოდა წინასწარ დაანონსება. რასაც ვაანონსებ, სულ ცუდად მიტრიალდება ხოლმე. მეორე დილას დავურეკე ჩემს აგენტს, ჩხუბობდა… უცებ ისეთი რამ მითხრა, ვიღაც უროს რომ ჩაგარტყამს თავში. მითხრა, ხესუს ხილი დაიჭირესო. ეჭვი შევიტანე მის ნათქვამში. ციურიხში ერთ-ერთ სადგურზე დიდი კიოსკი იდგა, სადაც ყველა გაზეთი იყიდებოდა. გავიქეცი იქ… შევედი თუ არა, ყველა სპორტული გაზეთის ყდაზე გამოტანილი იყო ხესუს ხილის დაჭერის კადრები, როგორ ედო ხელბორკილები… გადასახადის გადაუხდელობის გამო დაიჭირეს. სხვა რამეზე რომ დაეკავებინათ, ანგარიშები არ იქნებოდა გაყინული. გაყინეს ანგარიშები და ამან ჩაშალა ჩემი გადასვლა. „ატლეტიკო მადრიდი“ იმ დღეს ატარებდა პრესკონფერენციას და ახალ ფეხბურთელებს წარადგენდა. ერთთვიანი წნევები დამეწყო, კინაღამ გადავედი ჭკუიდან…

როგორ გადალახეთ ეს მძიმე პერიოდი?

ალბათ, დროის გასვლის შემდეგ, რადგან დრო კურნავს ყველაფერს…

თქვენი ოჯახი როგორ გედგათ მხარში ასეთ დროს?

ჩემმა მეუღლემაც ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ბავშვები პატარები იყვნენ. მეუღლე გვერდში მედგა, მაგრამ თავად მისთვისაც დიდი შოკი იყო.

სპორტსმენისთვის მეუღლის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. თქვენ როგორ გქონდათ ეს საკითხი მოგვარებული?

მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის, რომ ყოველ ნაბიჯზე ჩემთან ერთად იყო… სპორტსმენის ცხოვრება ძალიან რთულია, ნახევარი ცხოვრება სახლში არ ხარ. ამის ხელშეწყობა იოლი ნამდვილად არ არის. საინტერესო ცხოვრება კი ჰქონდა, სპორტულ ცხოვრებას ჩემთან ერთად თავისი ელფერი ჰქონდა. ჩემმა მეუღლემ ზეპირად იცოდა, როგორ უნდა მეკვება და რა მჭირდებოდა.

თქვენი პოპულარობა მისთვის ეჭვიანობის საბაბი ხომ არ ყოფილა?

ალბათ, იყო კიდეც. სასიხარულოა, ალბათ, რომ გყავს მეუღლე, რომელსაც ორი ადამიანით მეტი იცნობს, მაგრამ აქვს მეორე კუთხე, არ იყოს გვერდზე რამე გატაცება… მე ჩემი მეუღლისგან ეჭვიანობა ნამდვილად არ მიგრძნია. უარყოფითი დატვირთვა ჩემს პოპულარობას ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად არ მოუტანია.

ფეხბურთის გარდა, რა არის თქვენი ცხოვრებისეული გატაცება?

ნაძალადევში დავიბადე და გავიზარდე, სამეგობრო წრე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები და მეგობრებთან ყოფნა ძალიან მიყვარს. 14 წელი წასული ვიყავი უცხოეთში და ალბათ, ამანაც ითამაშა როლი. სამეგობროში ყოფნა ჩემი დიდი გატაცებაა. ფეხბურთი მაინც მთავარი გატაცებაა. პოლიტიკაში ვიყავი ერთი პერიოდი და ერთი სული მქონდა, ფეხბურთში როდის დავბრუნდებოდი. ვგრძნობდი, რომ ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და ისევ ამ სფეროში ჩავერთე.

ოლიტიკაში ყოფნას ნანობთ?

ორივე სფეროში ყოფნა რომ შეიძლებოდეს, ვიქნებოდი. ქვეყნის სამსახურში ყოფნაა ორივე – საქართველოს ნაკრების წევრობაც და თანამდებობაზე მუშაობაც. პატიოსნად უნდა ემსახურო ყველაფერს, სადაც ხარ. როცა მივდიოდი პოლიტიკაში, ცოტა კი ვნერვიულობდი, მაგრამ არ შემეშინდა, ვუყურებდი, როგორც ქვეყნის მსახურებას. ჩემთვის ეს ძალიან დიდი მისიაა.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ინტერვიუ: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები