LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიგეგმა ალ ბანოს კონცერტი თბილისში და რომელი თანამედროვე იტალიელი მომღერალი ჩამოვა საქართველოში მომავალ წელს – ნიკა ესაკია „არტ-FM’-ში

45
ნიკოლოზ-ესაკია

6 ნოემბერს „ფორტუნას’’ გადაცემას „არტ-FM’’-ს  საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ დამფუძნებელი, ნიკა ესაკია სტუმრობდა. ნიკა ესაკიამ ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს საქართველოში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

იტალიელი მომღერლის  კონცერტი თბილისში 24 ნოემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

როგორ მოხდა ალ ბანოსთან დაკავშირება?

შარშან გავაკეთეთ ჩვენი ფონდის 10 წლის იუბილე. თბილისს ესტუმრა ლეგენდარული იტალიელი ჯგუფი Ricchi e Poveri. მათი პროდიუსერი ასევე არის ალ ბანოს და ბევრი სხვა მომღერლის პროდიუსერი. სწორედ მისი საშუალებით მოხდა ალ ბანოსთან დაკავშირება. უნდა აღინიშნოს, განსხვავებით ბევრი სხვა იტალიელი მომღერლისა, ალ ბანო საქართველოს პირველად ესტუმრება სოლოკონცერტით.

ალ ბანო საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მაგრამ გრანდიოზული პროექტით პირველად ჩამოდის.  იტალიელი მომღერალი საქართველოს ბენდთან ერთად ესტუმრება, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და შემოგვთავაზებს ორ საათიან შოუ პროგრამას. მინდა აღვნიშნო, რომ ბილეთების 90 % უკვე გაყიდულია.

ღონისძიებიდან შემოსული თანხით ვეხმარებით ორგანიზაცია „ფერად ქალაქს“, სადაც აუტიზმის სპექტრის ბავშვები არიან გაწევრიანებული.

ვინც შეიძენს ბილეთს, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივ ღონისძიებას დაესწრება, შეძლებს კეთილი საქმეც გააკეთოს და ერთი აგური დადოს „ფერადი ქალაქის“ მშენებლობაში.

რა შეძლო ფონდმა 10 წლის განმავლობაში?

ამ დროის მანძილზე ფონდმა 30-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ჩვენი ფონდი ყოველთვის იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც დახმარება სჭირდება და ამ ღონისძიებებით ვფიქრობ, ვამართლებთ და ვამტკიცებთ ჩვენი ფონდის სახელწოდებას, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია. იყო პრობლემები, მაგრამ მათი გადალახვა  შევძელით.

რაიმე მოთხოვნა თუ აქვს იტალიელ ლეგენდარულ მომღერალს 

იტალიელები გახსნილები და თბილები არიან. Ricchi e Poveri-თანაც ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა. არ აქვთ ის მომენტი, რომ ვარსკვლავები და ლეგენდები არიან. ჩემი აზრით, მომღერლის ლეგენდობას და ვარსკვლავობას განაპირობებს მისი სიმღერები. თუკი მისმა სიმღერებმა 50-ზე მეტ წელს გაუძლო, ე.ი. ის მართლა ლეგენდა და ვარსკვლავია. Ricchi e Poveri, ალ ბანო ამ ვარსკვლავების რიცხვში შედიან.

რომელი თანამედროვე იტალიელი მომღერლის ჩამოყვანა იგეგმება მომავალ წელს?

ვგეგმავთ თანამედროვე იტალიელი მომღერლის, ბიაჯო ანტონაჩის ჩამოყვანას. ეს მომღერალი მეგავარსკვლავია იტალიაში, მეუბნებიან, რომ საქართველოში მას კარგად არ იცნობენ. იმედი მაქვს, რომ სანამ საქართველოში ჩამოვა რადიოსა და ტელევიზიის დახმარებით საქართველო გაიცნობს. ვიცი, რომ თქვენ რადიოში მისი სიმღერები ტრიალებს.

ვინც 24 ნოემბერს ფილარმონიაში ბილეთის შეძენას ვერ მოახერხებს, 25 ნოემბერს ალ ბანოს მოსმენის შესაძლებლობა რესტორან „ქვევრში“ ექნება. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ღონისძიება საქველმოქმედოა.

ამ ორი კონცერტიდან ალ ბანო ერთს უფასოდ ატარებს, ამიტომ ვამბობ, რომ ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის ჩამოდის და არა კომერციული მიზნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები