LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვლინდება ეგოიზმი ბავშვებში – „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“

1160
ანა-გარსევანიშვილი

როგორ ვლინდება ეგოიზმი ბავშვებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის გეშტალტ ფსიქოთერაპევტმა ანა გარსევანიშვილმა ისაუბრა. 

რამდენად საჭიროა ეგოცენტრულობა?

გარკვეულ ასაკამდე ეგოცენტრულობა არის საკუთარი მეს ჩამოყალიბება-განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი იწყებს სეპარაციას დედისგან და მისი ყველა ქცევა მიმართულია ავტონომიურობისკენ, ეს არის ბუნებრივი და მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ, მისცეს თავისუფლება და იყვნენ მხარდამჭერები. 

როგორ ვითარდება ეგოიზმი ბავშვი? 

მშობლების ჰიპერმზრუნველობამ, ყველა სურვილის დაკმაყოფილებამ, “არა”-ს არ თქმამ, ბავშვის მანიპულაციებზე მოწყვლადობამ, არაადეკვატურმა ქებამ შეიძლება ეგოისტი ჩამოაყალიბოს, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე, არ გააჩნია ემპათია – რაც უმნიშვნელოვანესია სოციუმში ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. 

ეგოისტური ქცევა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიტუაციებში, სადაც ბავშვი არაცნობიერად განიცდის საფრთხეს. ეს შეიძლება იყოს ახალი წევრის დაბადება ოჯახში და ეს ფაქტი როგორც წესი რთული მისაღებია პატარასთვის, წინასწარი შემზადება აუცილებელია, მნიშვნელოვანია ჩვილზე ზრუნვის და მოვლის პროცესში ჩავრთოთ უფროსი და ან ძმა, ამით ხაზს ვუსვამთ მისი პიროვნების მნიშვნელობას და ეს დადებითად აისახება მის ქცევებზე. 

ასევე წყვილების განქორწინების პროცესი შეიძლება იყოს ეგოისტური ქცევის მაპროვოცირებელი, რადგან ბავშვი განიცდის საყრდენების გამოცლას და უსაფრთხოების განცდა იკარგება. 

მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახის წევრების შორის არ არსებული საზღვრები, როცა ბავშვს არ აქვს მაგალითი პატივისცემისა სხვისი საზღვრების მიმართ. 

როგორ ხდება ეგოიზმის დაძლევა?

მშობლის სწორი კომუნიკაციით, ახსნით, კეთილგანწყობით, სიყვარულით, საკუთარი მაგალითით შესაძლებელია ეგოიზმის დაძლევა და გარემოს ადეკვატური აღქმა. ასევე ზრუნვა ცხოველებზე, ბავშვის სოციალიზაცია საბავშვო ბაღში თანატოლებთან ურთიერთობა, გაზიარება, სასურველი ქცევის განმტკიცებისთვის აღნიშვნა და შექება.