იტალიური ავტომწარმოებლის Ferrari-ს დელეგაცია პაპ ლეო XIV რეზიდენციას, Castel Gandolfo-ს ესტუმრა, სადაც კომპანიის ახალი ელექტრომობილი – Ferrari Luce წარადგინა.
პონტიფიკი ერთ-ერთი პირველი ადამიანი გახდა, ვინც Ferrari-ის ახალი ელექტრომობილი პირადად გამოცადა. ვიზიტის ფარგლებში კომპანიამ პაპს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა – ავტომობილის ნაცვლად მას Ferrari-ის საფირმო საჭე აჩუქეს.
მანქანაში ჩაჯდომამდე პაპმა იკითხა, იყო თუ არა ეს Ferrari-ის პირველი ოთხკარიანი სპორტქარი. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, John Elkann-მა განმარტა, რომ Luce ბრენდის ისტორიაში პირველი ხუთ ადგილიანი Ferrari-ა.

Ferrari Luce ხუთმეტრიანი ჰეტჩბეკია, რომელსაც უკანა კარები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ეხსნება. მოდელის დიზაინზე სტუდია LoveFrom მუშაობდა, რომელიც Apple-ის ყოფილი დიზაინერების მიერ არის შექმნილი. სწორედ ამიტომ Luce ვიზუალურად მკვეთრად განსხვავდება Maranello-ში წარმოებული სხვა Ferrari-ებისგან.

ელექტრომობილი ოთხი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა საერთო სიმძლავრე 986 ცხენის ძალას აღწევს. Ferrari Luce 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,5 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ია.
122 კილოვატსაათიანი ბატარეით ავტომობილი ერთ დამუხტვაზე დაახლოებით 530 კილომეტრის გავლას შეძლებს, ხოლო სწრაფი დამუხტვის სისტემა 350 კილოვატამდე სიმძლავრეს უჭერს მხარს.