ჰარი სტაილზმა ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებამდე, გასულ წელს არაერთი საინტერესო თავგადასავალი მოიწყო. ტოკიოსა და ბერლინის მარათონებში მონაწილეობიდან პაპის კონკლავზე მოულოდნელ გამოჩენამდე – ეს ის თემებია, რომლებზეც არტისტმა ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
ჰარი სტაილზმა მონაწილეობა ბერლინის მარათონში გამოგონილი სახელით მიიღო
,,გრემის” სამგზის ლაურეატმა მუსიკოსმა შეკითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ვატიკანში, პაპ ლეო XIV-ის არჩევნების დროს შეკრებილ ხალხში, მოულოდნელი პასუხი გასცა.
,,რომში თმას ვიჭრიდი” – განაცხადა შემსრულებელმა.
,,უცებ გავიგე, რომ ხალხმა ყვირილი დაიწყო: გვყავს პაპი! დავინახე ქუჩაში მორბენალი ადამიანები. ჩემმა სტილისტმაც მუშაობა შეწყვიტა და წამოიძახა: გვყავს პაპი! ახალი პაპი აირჩიეს! როცა მუშაობა დაამთავრა, ვიფიქრე, რომ იქიდან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე ვიყავი და მეც იქით გავეშურე. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო” – აღნიშნა სტაილზმა.
2025 წლის მაისში დაკვირვებულმა თაყვანისმცემლებმა სტაილზი, რომელსაც მზის სათვალე, კეპი და ლურჯი ქურთუკი ეცვა, ვატიკანში, ხალხმრავლობაში შენიშნეს. ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავის ფოტო სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა, მომხმარებლები კი სხვადასხვა თეორიას აგებდნენ მისი იქ ყოფნის მიზეზებზე.
2025 წლის კონკლავი 7-8 მაისს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ გაიმართა. მაშინ პაპად კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო აირჩიეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმომავლობის პირველი პონტიფიკოსი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, ჰარი სტაილზმა მუსიკალურ სამყაროში დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება დააანონსა – მისი მეოთხე სტუდიური ალბომი – Kiss All the Time. Disco, Occasionally, 6 მარტს გამოვა. არტისტმა ახალი დისკის ლიდ სინგლი, Aperture 26 იანვარს წარადგინა. ამავდროულად, ცნობილი გახდა ინფორმაცია ფირფიტის მხარდასაჭერი ტურნეს შესახებაც, რომელიც შვიდ ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, მათ შორის ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერ-გარდენში ხანგრძლივ გამოსვლებს მოიცავს.
ჰარი სტაილზმა ტურნე დააანონსა – არტისტი მსოფლიოს 7 ქალაქში მასშტაბურ კონცერტებს გამართავს
ჰარი სტაილზი BRIT Awards-ზე იმღერებს