იტალიის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ დაადგინა, რომ Ryanair-მა ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია იტალიაში ავიამიმოსვლების ბაზარზე, მიზანმიმართულად შეუქმნა ბარიერები ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც მის რეისებზე არიან დამოკიდებული. სიახლის შესახებ Euro News წერს.
ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო იტალიაში იაფი ავიაბილეთის ცდუნებას, როდესაც მოგზაურობის დაგეგმვას იწყებ. ამ მიმართულებებზე Ryanair-ი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და იტალიაში და იტალიიდან მგზავრთა ნაკადის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.
თუმცა სამშაბათს იტალიის შესაბამისმა უწყებამ ავიაკომპანია 255 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რადგან მან, უწყების შეფასებით, ტექნიკური ბარიერებისა და დაჯავშნის შეზღუდვების გზით ტურისტული სააგენტოების ბაზრიდან განდევნა სცადა.
ანტიმონოპოლიური ორგანოს განცხადების მიხედვით, „რთული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Ryanair-მა შეიმუშავა კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ზღუდავდა როგორც ონლაინ, ისე ტრადიციული ტურისტული სააგენტოების შესაძლებლობას, Ryanair-ის რეისები ryanair.com-ზე შეეძინათ“.

კერძოდ, კომპანიის პოლიტიკა „ბლოკავდა, აფერხებდა ან ტექნიკურად და ეკონომიკურად ართულებდა ასეთ შენაძენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სხვა ავიაკომპანიების რეისებთან ან ტურისტულ და სადაზღვევო მომსახურებებთან ერთად იყიდებოდა“.
რატომ არის მნიშვნელოვანი ტურისტული სააგენტოები?
როდესაც ბაზარზე ერთი კომპანია დომინირებს – რაც თავისთავად კანონდარღვევა არ არის, აუცილებელია არსებობდეს გარკვეული ბალანსი მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
განსაკუთრებით ციფრულ ბაზრებში საძიებო სისტემები, დაჯავშნის პლატფორმები და ფასების შედარების ხელსაწყოები მომხმარებლისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებენ. თუ ეს შუამავლები გაქრება ან დასუსტდება, მომხმარებლებს ნაკლები არჩევანი და ნაკლები შედარების შესაძლებლობა ექნებათ, რაც დომინანტ კომპანიებს ნაკლებ სტიმულს აძლევს კეთილსინდისიერად მოიქცნენ.
რა გააკეთა Ryanair-მა?
პირველ ეტაპზე ავიაკომპანიამ ტურისტული სააგენტოებისთვის ტექნიკური დაბრკოლებები შემოიღო. 2023 წლის აპრილიდან Ryanair-მა სააგენტოებთან დაკავშირებულ ჯავშნებზე სახის ამოცნობის შემოწმება და სხვა ვერიფიკაციის პროცედურები დააწესა, მაშინ როცა პირდაპირი მომხმარებლები ასეთ სირთულეებს ძირითადად არ აწყდებოდნენ.
ამ ზომებმა სააგენტოების გაყიდვები შეანელა, ნაკლებად საიმედო და უფრო ძვირი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებლები შუამავლების გამოყენებაზე უარს ამბობდნენ, ხოლო სააგენტოები კონკურენციის უნარს კარგავდნენ.
მეორე ნაბიჯად Ryanair-მა სააგენტოებს პირდაპირ შეუზღუდა წვდომა საკუთარ რეისებზე – პერიოდულად ან სრულად ბლოკავდა მათ ჯავშნებს. ანტიმონოპოლიური ორგანოს თქმით, ეს მოიცავდა გადახდის მეთოდების გამორთვას და ონლაინ ტურისტული სააგენტოების ანგარიშების მასობრივ წაშლას.
რადგან Ryanair-ის რეისები იტალიიდან და იტალიაში ტურისტული პაკეტების გაყიდვისთვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, ამ ქმედებებმა სააგენტოებს პრაქტიკულად ნორმალური ფუნქციონირება შეუზღუდა. უწყების შეფასებით, კომპანია აღარ ეჯიბრებოდა შუამავლებს – იგი უბრალოდ უკეტავდა მათ ბაზარზე შესვლის გზას.
მესამე ეტაპზე Ryanair-მა ზეწოლა გამოიყენა იმისთვის, რომ სააგენტოები შეზღუდულ პარტნიორულ ხელშეკრულებებზე დაეთანხმებინა. ეს კონტრაქტები სააგენტოებს უკრძალავდა Ryanair-ის რეისების შეთავაზებას სხვა ავიაკომპანიების ფრენებთან, სასტუმროებთან, დაზღვევასთან ან ტურისტულ სერვისებთან ერთად – რაც სააგენტოების კონკურენტული საქმიანობის საფუძველია.
