„კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გულწრფელი დღესასწაული“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა საბა ბუაძემ, საკრებულოს სხდომაზე, საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე საუბრის დროს განაცხადა.
საბა ბუაძემ გამარჯვება ყოფილ ფეხბურთელს, დედაქალაქის მერს კახა კალაძესაც მიულოცა და აღნიშნა, რომ „ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი“.
„კიდევ ერთი მაგალითი, როგორ გვჭირდება გამარჯვებები და რამხელა ერთიანობის მოტანა შეუძლია ამ გამარჯვებებს. მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე, ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი.
დარწმუნებული ვარ, მასაც და ჩვენი ფეხბურთის სხვა ვეტერანებს განსაკუთრებით გაუხარდათ ეს გამარჯვება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.