საბერძნეთში იწყება სახელმწიფო პროგრამა „Tourism for All 2026“, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს 200-დან 600 ევრომდე ტურისტული ვაუჩერების მიღება შეეძლებათ. ინიციატივა მიზნად ისახავს შიდა ტურიზმის მხარდაჭერას და მოსახლეობის წახალისებას ქვეყნის შიგნით მოგზაურობისთვის.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ ციფრულ ბარათს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სასტუმროებში, აპარტამენტებში და სხვა ტურისტულ ობიექტებში. ვაუჩერის მოცულობა დამოკიდებულია კატეგორიაზე – მაქსიმალური, 600 ევროს ოდენობის დახმარება გათვალისწინებულია განსაკუთრებული ჯგუფებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის.
პლატფორმის გახსნა 2026 წლის მარტში იგეგმება და პროგრამა მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავად შეარჩიონ მოგზაურობის დრო.

ინიციატივა წარმოადგენს მთავრობის ფართო ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილს, რომელიც ტურიზმის სექტორის მხარდაჭერასა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას ისახავს მიზნად. მსგავსი პროგრამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონურობის შემცირებისა და ნაკლებად დატვირთული პერიოდების გააქტიურებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა არ ეხება უცხო ტურისტებს, ვაუჩერები განკუთვნილია მხოლოდ საბერძნეთის მოქალაქეებისთვის და შიდა ტურიზმის განვითარებას ემსახურება.