რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპოზიტორი, დირიჟორი და ვოკალისტი – ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძე სტუმრობდა, რომელმაც მის წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ანასტასია, როდის მიხვდი, რომ მუსიკა იყო შენი გზა, რომ იყო საქმიანობა, რომლის კეთებაც არასდროს მოგბეზრდებოდა?
ერთი ციტატა შემიძლია გავიხსენო, „გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და აკეთე ის, რაც გიყვარს“, ზუსტად ამ ფრაზაში შეიძლება, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი მოვიაზროთ. ეს არ არის პროფესია, რომელსაც ადამიანი აირჩევს, ეს არის პროფესია, რომელიც ირჩევს ადამიანს. დარწმუნებული ვარ, ყველა ხელოვანი დამეთანხმება, რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება ჩვენი პროფესიის გარეშე.
ვიცი, რომ მრავალ ინსტრუმენტს ფლობ, ამასთან ერთად, შენი განუყრელი, მეორე პროფესიაა ვოკალი, ხარ დირიჟორიც, როგორ უთავსებ ამ ყველაფერს?
რაც შეეხება ვოკალს, ზოგადად, ვფიქრობ, რომ სიმღერა ნებისმიერი ქართველისთვის განუყოფელი ნაწილია და ჩვენს DNM-ში დევს სიმღერის ტრადიცია. ჩემს პროფესიასთან რომ დავაკავშირო, კომპოზიციას ვგულისხმობ, საკომპოზიციო ტექნიკასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან სწორედ ეს მელოდიური, ეს კანტილენა მე ვფიქრობ, რომ სიმღერის გავლენით ახასიათებს ჩემს პარტიტურებს.
რაც შეეხება დირიჟორობას, ეს გუნდური სფეროა. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მშობლების ანსამბლის, სადაც მე ვმუშაობ და ჩვენ საერთო სამუშაო პროცესით, ვფიქრობ, რომ ბევრ რამეს მივაღწევთ.
მთავარი ამბავია, რომ გაქვს 20-მდე ნაწარმოები.
საკომპოზიციო კუთხით რომ ვისაუბრო, თავდაპირველად ყველაფერი მამასთან თამაშით დაიწყო. ძალიან პატარა ასაკიდან ჩვენ გვქონდა ასეთი თამაშის ტრადიცია, რომ ის იწყებდა რაღაც მელოდიას და მე უნდა გამეგრძელებინა, რაც შემდეგ იმ წლებში გადაიზარდა, როცა მე საავტორო სიმღერებს ვქმნიდი და ეს „ხმის წლები“ საბოლოოდ ინსტრუმენტულ ჟღერადობაში გაფორმდა და უკვე დიდ ფორმებამდე მივიდა.
იმ ნაწარმოებების ნუსხიდან, რაც დავაგროვე, გამოვყოფდი მიუზიკლს, რომელიც „შერლოკ ჰოლმსის“ თემატიკაზეა და „სატურნის პოემებს“, რომელიც არის დიდი ფორმის სავიოლინო კონცერტი. ვინაიდან ბევრი ჟანრი მაინტერესებს, ვცდილობ, რომ ჩემს გატაცებას, რომელიც თეატრის და კინომუსიკის მიმართულებით არის, შევუხამო კლასიკური მუსიკის ფორმები, რომელთაც ასევე ვეცნობი და ვწერ.
მიუზიკლის შექმნა რამდენად რთულია?
მარტივი შედარება რომ მოვიყვანო, შეიძლება, გავიხსენო კონდიტერია, სადაც შეფმა და კონდიტერმა უნდა იგრძნოს სხვადასხვა გემო და ეს ურთიერთქმედება, იგივეა მიუზიკლის ჟანრთანაც, რადგან ეს არის ფენომენი, სადაც სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრთა სპეციფიკები იყრის თავს და მთავარია ჟანრების შეგრძნება, რის შემდეგადაც გამოდის ძალიან გემრიელი „ნამცხვარი“, სადაც ყველა ინგრედიენტი ერთიანდება. მთავარია, რომ ერთმანეთს შეუხამო. რა საკვირველია, დიდ გავლენას ახდენს ის სმენითი გამოცდილება, რასაც ჩვენ, როგორც არტისტები, ვაგროვებთ ხოლმე, როდესაც ვუსმენთ კონკრეტულ კომპოზიტორს, კონკრეტულ ჟანრში.

როგორ შეიქმნა „სატურნის პოემები“?
განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ჩემი პროფესიული გზა რაღაცნაირად ბუმერანგივით არის თითქოს, რადგან ვიოლინოთი დაიწყო ყველაფერი და შემდეგ ისევ ვიოლინოს დაუბრუნდა „სატურნის პოემებით“, ვინაიდან ეს არის სწორედ სავიოლინო კონცერტი. ამასთან ერთად, ჩემი ბავშვობის ასევე განუყოფელი ნაწილი იყო საგუნდო მუსიკა და სწორედ ინოვაციური, მთავარი ფორმა, რაც ამ ნაწარმოებს გააჩნია, ეს არის სწორედ ამ ორი გამოცდილების გაერთიანება, ვინაიდან პოლ ვერლენის პოემებით გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ინოვაციური ფორმა, რომელიც აერთიანებს, როგორც სოლისტს, ვიოლინოს, ორკესტრს, ასევე გუნდს.
რა იყო შენთვის „ბერლინის ფილარმონიის“ კონკურსი, შემოქმედებითი ოცნება, სურვილის ასრულება თუ სხვა რამ? კონკურსი სტიმულია თუ ზეწოლა?
2017 წელს, წილად მხვდა ბედნიერება, რომ „ბერლინის ფილარმონიის“ სცენაზე ვმდგარიყავი“, ჩემი მშობლების გუნდთან, „პატარა გეორგიკასთან“ ერთად, რომელმაც მაშინ კონკურსზე „Grand prix of nations“ დაიმსახურა ოქროს მედალი და მაშინ, პირველად მივხვდი, რომ სწორედ ეს არის კედლები, რომელიც გახდება ჩემი ერთ-ერთი პროფესიის რეალიზაციის მთავარი ოცნება, რადგან „ბერლინის ფილარმონიის“ სადირიჟორო პულტი, ის ნაწარმოებები თუ ინტერპრეტაციები, რაც ამ დარბაზში ჟღერდა და დღემდე ჟღერს და ის სათაყვანო მუსიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და დღემდე აგრძელებენ თავიანთ შემოქმედებას სწორედ „ბერლინის ფილარმონიის“ კედლებში რჩება ჩემს ყველაზე მთავარ და მასშტაბურ სამიზნედ.
რაც შეეხება კონკურსს, პირველ რიგში, გააჩნია, ვინ გიდგას გვერდით, თუმცა მე ვთვლი, რომ ყოველი დღე კონკურსია და ეს სიტყვა ცოტა არ მიყვარს, გამოწვევით ჩავანაცვლებდი, რადგან მე ვფიქრობ, გამოწვევებით აღსავსეა ყოველი დღე, მით უმეტეს, ხელოვანისთვის და მით უმეტეს, არტისტისათვის. ვინაიდან ყოველდღიურად გვეძლევა შანსი, რომ საკუთარი თავი გამოვცადოთ, ამ სიტყვას უფრო თვითგანვითარების კონტექსტში ვახსენებ.
ბევრი საინტერესო სამომავლო გეგმა გაქვს, წინ გელოდება გერმანია…
ზოგადად, ჩვენი გუნდის ისტორია ყოველთვის დატვირთულია გასტროლებით, გუნდის ისტორიაც გასტროლებით დაიწყო და ახლა, უკვე ჩემი უშუალო მონაწილეობით, სადირიჟორო პულტთან გრძელდება.
საინტერესო პროექტი გველოდება წინ, საქმე ეხება გერმანიის ათდღიან ტურნეს. ჩვენმა ანსამბლმა, „ბგერათა ფერი“ ოთხი სხვადასხვა ქალაქიდან მიიღო მოწვევა, სადაც ჩვენ გავმართავთ კონცერტს და წარვადგენთ ქართულ პროფესიულ მუსიკას. ამ ისტორიული მომენტის დაორგანიზებაში მონაწილეობას იღებს როგორც გერმანული მხარე, „შემოქმედებითი საქართველო“, „თბილისის მერია“.
რას ურჩევდი მათ, ვისაც მუსიკოსობა სურთ?
პირველ რიგში, მთავარია, იპოვონ საკუთარი თავი, საკუთარი აზრი, ინდივიდუალური ხედვა, მოუსმინონ მუსიკას და არა მარტო, მოუსმინონ ერთმანეთს.