რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერები „ჩემი დღე“ და„ფრენა მინდა“ წარუდგინა.
ნეკა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
საკმაოდ აქტიური, დატვირთული წელი იყო ჩემთვის. ძალიან გასახარია, რომ ძალიან ბევრ რეგიონს ვესტუმრე, სხვადასხვა პროექტებით. ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები მოაქვს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში სტუმრობას, იქ განსაკუთრებული სიყვარულით, მონატრებით გვხვდებიან. ეს ზაფხული ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო შემოქმედებითად.
როგორია სამომავლო გეგმები?
28 სექტემბერს, ზვიად ბოლქვაძესთან ერთად მექნება კონცერტი „ქარვასლაში“ და 29 სექტემბერს, როგორც პროდიუსერი ვარ დასაქმებული და ძალიან დიდი სიყვარულით ვემზადებით პროექტისთვის, რომელსაც ანსამბლი „ჰერიო“ წარმოადგენს „რუსთაველის თეატრის“ სცენაზე.
როგორ ახერხებ ერთობლივად ამდენ პროექტზე მუშაობას?
ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელიც საოცრად მმუხტავს და მავსებს. ბედნიერი და სავსე ვარ, მაშინ, როდესაც ვარ რეალიზებული და მაქვს შესაძლებლობა, ჩვენს ძვირფას მსმენელს და მაყურებელს იმ საქმით ვემსახურო, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ალბათ, ეს არის ის „გასაღები“, რაც არ მღლის, მიუხედავად რთული გრაფიკისა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩემი დღე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერა ბევრი წლის წინ შექმნა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის, აჩიკო გულედანის მიერ. წლების წინ, როდესაც ამ სიმღერის პირველი ჟღერადობა მომასმენინა, მაშინ ექსპრომტად ერთად ჩავწერეთ, ვიმღერეთ, მაგრამ მერე, რაღაცნაირად დაიკარგა ეს სიმღერა და სულ ცოტა ხნის წინ, გავიხსენე და განვაახლე, ძალიან კარგ მუსიკოსებთან ერთად, ლევან აბშილავა, შაკო გელეყვა და ზიკო ნაზღაიძე უკრავენ ამ ჩანაწერში. სიმღერის ლექსიც აჩიკო გულედანს ეკუთვნის.
მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე „ფრენა მინდა“.
ჩვენს ქვეყანას ჰყავს არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, ნინო ჩხიკვაძის სახით, რომლის ხელწერაც მართლაც გამორჩეულია. ის ბევრი ცნობილი სიმღერის ავტორია და კიდევ ბევრი სიმღერა აქვს სკივრში დამალული. ძალიან გამიმართლა, რომ სიმღერა, რომელიც ჩემთვის მართლა ძალიან ძვირფასი გახდა, ჩემთვის გამოიმეტა. ეს არის მანანა სიამაშვილის არაჩვეულებრივი ლექსი. იმდენად კარგი ლექსია და იმდენად ღრმა სათქმელს ამბობს, რომ როდესაც ვიდეოზე ვმუშაობდით, გადავწყვიტეთ, ეს ლექსი კადრზე დაგვეტანა. რაც შეეხება თვითონ ვიდეოს, ძალიან ექსპრომტად შეიქმნა. ჩემს მეგობარს, გიორგი ცაავას ფოტო გადაღება ვთხოვე და როდესაც ეს სიმღერა მოისმინა, მითხრა, ეს არ იქნება ფოტო, ეს იქნება მუსიკალური ვიდეო და თუ მოგეწონება, ჩავუშვებთ თუ არადა სამახსოვროდ დაგვრჩებაო. მე აბსოლუტურად ვენდე მის გემოვნებას. სიმღერა ძალიან ემოციურია, მართლა მთელი გული ჩავდე ამ ნაწარმოებში. დიდი მადლობა „თბილისის სიმფონიურ ორკესტრს“, რომელიც თანხლებას მიწევს ამ სიმღერაში.
ნეკა სებისკვერაძე – ფრენა მინდა
ნეკა სებისკვერაძე – ჩემი დღე
გადაცემის აუდიოჩანაწერი