LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, სულ სხვა რეალობა აღმოჩნდა – მერიის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიგვაჩნია“ – წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია

167
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ დედაქალაქის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია.

როგორც კომპანიის ტენდერების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილზე მისულ კომპანიას ისეთი ტექნიკური პრობლემები დახვდა, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ იყო.

მათ შორის, ადგილზე მუშაობდნენ წყლის, გაზისა და ინტერნეტის კომპანიები, რომლებმაც როგორც ვახტანგ ჯალიაშვილი ამბობს, დაკისრებული სამუშაოები თავის დროზე ვერ შეასრულეს, შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიებსაც საქმიანობის დაწყება გაუჭიანურდათ.

„არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ იმ ტენდერის გამოცხადებიდან მოყოლებული იმდენი ტექნიკური პრობლემა იყო, დავალების შესრულებისას წარმოქმნილი, რა ნახაზებით და საპროექტო დოკუმენტაციითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, სულ სხვა რეალობა.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა 

„ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში სრულად აღდგება“ - აცხადებენ მერიაში.

არ იყო არანაირი დაზუსტებები, არანაირი დოკუმენტაცია, მაგალითად, სად გადიოდა კაბელები და ა.შ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე,

ობიექტზე შესული იყო, წყლის, ასევე, გაზის კომპანიები, „სილქნეტი“, სანამ ეს კომპანიები არ დაასრულებდნენ თავის სამუშაოებს, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებდით ასფალტის დაგებას.

დამოკიდებული ვიყავით ამ კომპანიების მხრიდან სამუშაოების შესრულების სისწრაფეზე. ის კომპანიები თავის დროზე რომ ვერ ასრულებდნენ სამუშაოებს, ჩვენც გრაფიკიდან ამოვვარდით.

ჩვენ ვცდილობდით, რამენაირად კომუნიკაცია გვქონოდა მერიასთან, რომ მოეგვარებინათ ეს ტექნიკური პრობლემები, მაგრამ მერიამ არანაირად, ან ვერანაირად ვერ მოახერხა კომუნიკაცია.

ახლა ფორსმაჟორული მდგომარეობა გვაქვს და არ გვინდა ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ იურიდიულ კომპანიებთან და ჩვენს პარტნიორებთან, ვინც ჩვენთან არის ამ საქმეში, გავივლით კონსულტაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ.

ფაქტი ისაა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მერიის გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია არასამართლიანად ჩვენთან მიმართებით“. – განაცხადა ვახტანგ ჯალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.

magti 5g