“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია არის ბრალდება და ძალიან მძიმე მოვლენა.
უკრაინიდან, ომის წინ, შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით: ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, მისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება მაინც მზად არის, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გააგრძელოს:
“ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, ადამიანები, რომლებიც აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლების ნაწილი არიან. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა.
რაც შეეხება ამ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების რეალიზებას.
როდესაც ერთ მხარეს არის ადამიანი, ერთ ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციაში და მეორე ქვეყანაში არის ხელისუფლების ნაწილი, ნებისმიერი ალოგიკური ნაბიჯი ასეთ დროს მოსალოდნელია, ეს არის სამწუხარო უნიკალური მოცემულობა, რაც დღევანდელ რეალობას ახასიათებს. წლების განმავლობაში ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან ვითარებას რევენ, სადაც კი შეუძლიათ და, ამ შემთხვევაში, უკრაინაში, არ უნდა ყოფილიყვნენ, იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც არიან. მათ შორის სააკაშვილიც, დღემდე ფორმალურად თუ არაფორმალურად რეფორმირების საბჭოს ხელმძღვანელია უკრაინის ხელისუფლებაში.
მისივე თქმით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წყარო, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია ამ წყაროს ვერ წარადგენენ, რადგან ეს აბსურდია:
“ეს პროდუქტი, რაზეც უკრაინის ხელისუფლება საუბრობს, უნდა შევიდეს საიდანღაც საქართველოს გავლით და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტი უკავშირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს აწესებენ რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ალოგიკურობის ჯაჭვია. ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, თუმცა, მაინც არ გვაქვს უფლება უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელისუფლება ომის მდგომარეობაშია და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და რეაქცია ჩვენი უნდა ყოფილიყო დემარში, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისევ და ისევ უკრაინელების ინტერესიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება არ დამტკიცებას, ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წყაროს და მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ, რადგან ეს არის აბსურდი”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:
“სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.
აღნიშნულ საკითხზე გამოხმაურებებს წაიკითხავთ აქ:
კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე