LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქმე „თეთრი ძაფით არის შეკერილი“ – ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, შეიწყალოს“ – ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

176
ლაზარე გრიგორიადისი და ბაბუა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე „თეთრი ძაფით არის შეკერილი“ და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები „გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან“.

„ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამართლებს.

ჩვენ [გამამტყუნებელ განაჩენსაც] შეგუებულები ვართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [მოსამართლემ]“, – განაცხადა გია კალანდაძემ.

მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს.

„სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა.

ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან „მოლოტივის კოქტეილს“ ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”. – განაცხადა გია კალანდაძემ.

ადვოკატი: „ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისი: „ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა“

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

„გავა წლები და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია” – მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g