საუდის არაბეთში აქლემების სილამაზის კონკურსი დიდი სკანდალით დასრულდა. აწ უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიების ჟიურიმ 40 აქლემი კონკურსიდან მოხსნა – მიზეზი მთავარი რეგლამენტის დარღვევა და დიდი რაოდენობით ბოტოქსის გამოყენებაა.
მეფე აბდულაზიზის სახელობის სილამაზის კონკურსში აქლემების გარეგნობა ფასდება, გამარჯვებული კი საკმაოდ სოლიდურ პრიზს – 66 მილიონ დოლარს იღებს. კონკურსი ბუნებრივ სილამაზეზეა ორიენტირებული და ფილერების, ბოტოქსის, სახის დაჭიმვის თუ სხვა პროცედურების გამოყენება სასტიკადაა აკრძალული.
წლევანდელ კონკურსში მატყუარების გამოვლენა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლეს.
სილამაზის კონკურსი მასშტაბური ფესტივალის ნაწილია და ეს ფესტივალი აქლემების რბოლებს, ვაჭრობას და სხვა საინტერესო აქტივობებს მოიცავს.