LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის სეზონი: ვირუსი თუ ალერგია? – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

6271
ნინო-ლომიძე

„რომელი მცენარეები იწვევენ ალერგიას შემოდგომის სეზონზე, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, როგორ განვასხვაოთ ვირუსული და ალერგიული სიმპტომები, რას გულისხმობს ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია…“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ნინო ლომიძემ ისაუბრა.

ქალბატონო ნინო, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ალერგიის რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

გაიარა ზაფხულმა, დადგა შემოდგომა, თუმცა თბილი, მზიანი ამინდების შენარჩუნებასთან ერთად, სეზონური ალერგია კვლავ აქტუალურია. შეიძლება, ზოგს გაუკვირდეს კიდეც, გავიდა ზაფხული და ახლა, რა დროს სეზონური ალერგიააო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სეზონური ალერგია გვიან შემოდგომამდე, ოქტომბრამდე გრძელდება, მეტიც, თუ მზიანი ამინდები შენარჩუნდება, ნოემბრის პირველ რიცხვებამდეც კი, შეიძლება, გაგრძელდეს სეზონური ალერგია. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ. როდესაც ჰაერში დამნაშავე მცენარის მარცვლების კონცენტრაცია გარკვეულ ზღურბლს ზევითაა, ხდება იმუნური სისტემის აქტივაცია და ალერგიის სიმპტომებიც არ აყოვნებს.

შემოდგომის სეზონზე, განსაკუთრებით მაღალი ალერგიულობით გამოირჩევიან სარეველა მცენარეები, ამბროზია, ავშანი. აღსანიშნავია, რომ ამბროზიამ ყვავილობა, დაახლოებით, 25 აგვისტოდან დაიწყო.

მინდა, წლევანდელი სეზონის თავისებურებაზეც გითხრათ. გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბრის პირველი კვირა, პირველი 10-14 დღე წვიმიანი იყო, შემოდგომის ალერგიამ ცოტა დაიგვიანა, რადგან მოგეხსენებათ, წვიმა სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებზე დადებითად მოქმედებს, რადგან ლექავს მცენარეებს მტვერს. შესაბამისად, თუ წინა წლებში სექტემბრის პირველი ნახევარი იყო აქტუალური სეზონური ალერგიების კუთხით, წელს, სწორედ ახლა, მზიანი დღეების დადგომასთან ერთად, იმატა გაძლიერებულმა მომართვიანობამ.

რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ ალერგოლოგს, თუ ბავშვს ან მოზრდილს აღენიშნება უჩვეულოდ მომატებული ცემინება, ცხვირის, თვალების ქავილი, სპაზმური ხველა, სუნთქვის გაძნელება და ეს გარე სივრცესთან არის დაკავშირებული, მაშინ, შესაძლებელია, რომ ეს ალერგიული გამოვლინება იყოს სწორედ ამბროზიასა და ავშანზე, რომლებიც ძალიან მაღალი ალერგიულობის მქონე მცენარეები არიან.

ამბროზია და ავშანი არის თუ არა უფრო მეტად გავრცელებული საქართველოს რომელიმე რეგიონში?

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეული მტვერი ქარით ვრცელდება და რომ მათ ძალიან მაღალი ალერგიულობა აქვთ. ხშირად უკვირთ, ქალაქში ვცხოვრობ, არანაირი კონტაქტი არ მაქვს ამბროზიასთან და რატომ უნდა მქონდეს მასთან ასოცირებული სიმპტომებიო და მე და ჩემი კოლეგები ყოველთვის ვუხსნით პაციენტებს, რომ არ არის აუცილებელი, რომ აბროზია მაინც და მაინც სახლის წინ ჰქონდეთ, იმისთვის, რომ ალერგია გამოუვლინდეთ. მისი მტვერი ჰაერის მეშვეობით კილომეტრების მანძილზე ვრცელდება. ის არის სარეველა მცენარე და შესაბამისად, არის ყველგან, ყველა მოუვლელ ეზოში, მიტოვებულ ნაკვეთში. შეიძლება, კონკრეტული ეზო, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ძალიანაც მოვლილი იყოს, მაგრამ მტვერი ქარმა მოიტანოს.

აბროზია ძალიან გავრცელებულია კახეთში, მოგეხსენებათ, მისი ენდემური კერა ლაგოდეხია, შესაბამისად, გარკვეული ენდემური თავისებურებები ახასიათებს, მაგრამ თბილისშიც, როცა თითქოს ადამიანს არ აქვს მცენარეებთან ახლო კონტაქტი, შეიძლება, რომ თავი იჩინოს სეზონური ალერგიის სიმპტომებმა და არც თუ ისე მსუბუქად.

თუ ალერგია სუსტი ფორმებით ვლინდება, მაგალითად, შემოიფარგლება მცირე ქავილით, ცხვირიდან გამონადენით და ეს ყოველდღიურ ყოფას გაუსაძლის არ ხდის, ამ შემთხვევაშიც, საჭიროა თუ არა რეაგირება და ექიმ-ალერგოლოგთან კონსულტაცია?

თუ ალერგიის სიმპტომები მსუბუქია, ალერგოლოგთან ვიზიტი აუცილებელი არ არის, შეიძლება, ოჯახის ექიმმა, პედიატრმა, თერაპევტმა დანიშნოს შესაბამისი დანიშნულება, მაგრამ თუ სიმპტომები საყურადღებოა, თუ ისინი ვერ რეგულირდება ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატებით და მათ ფონზე, მაინც აღინიშნება ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, ამოსუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ხშირად, საწყის ეტაპზე, რთულია ვირუსული და ალერგიული სიმპტომების გამიჯვნა, ამ დროს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, საწყის სტადიაზე, დაახლოებით, პირველიდან სამ დღემდე, რთულია დიფერენცირება ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე თუ სეზონურ ალერგიასთან, თუმცა მაინც არის გარკვეული ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მათი გამიჯვნა, მაგალითად, თვალის, ცხვირის, ყელის ქავილი ახსენეთ და ქავილი არის ის დამახასიათებელი და ხაზგასასმელი სიმპტომი, რაც ალერგიას ვირუსული ინფექციისგან გამიჯნავს. თუ ცემინებას, ცხვირის გაჭედვას დასაწყისშივე ახლავს ქავილი, როგორც ცხვირის, ასევე თვალების, ყელის, მაშინ უფრო საფიქრებელია, რომ ალერგიასთან გვაქვს საქმე, რადგან ვირუსული ინფექციის დროს, ქავილის სიმპტომი არ არის. ასევე, თუ ალერგიის დროს ცხვირიდან გამონადენი უფრო წყლისებრია, ვირუსული ინფექციის დროს, გამონადენი 2-3 დღეში სქელდება და მოყვითალო ფერს იღებს. ხშირად, ვირუსულ ინფექციას თან ახლავს ზოგადი სისუსტეც, ასევე ტემპერატურაც, რაც ალერგიისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვირუსული ინფექცია 7-10 დღეზე მეტხანს არ გრძელდება, ალერგიული სიმპტომები კი ერთი-ორი თვე შეიძლება გაგრძელდეს, ანუ მანამ, სანამ დამნაშავე მცენარე ყვავილობას არ დაასრულებს.

შეიძლება თუ არა, რომ ვირუსული ინფექცია, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, გახდეს ალერგიის მაპროვოცირებელი?

ზოგადად, თუ ადამიანს აქვს სეზონური ალერგია ამბროზიაზე, აქვს გაძლიერებული ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი და ამ დროს, მას პარალელურად დაემართება ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, სიმპტომები ბევრად შემაწუხებელი გახდება. გაღიზიანებულ ცხვირის და ბრონქის სავალ გზებს ვირუსული ინფექცია რომ დაემატება, რა თქმა უნდა, სიმპტომები უფრო მეტად გამძაფრდება და სხვა შემთხვევაში, თუ შეიძლებოდა, რომ ვირუსული ინფექცია ძალიან იოლად წასულიყო, სეზონური ალერგიის დროს, როდესაც ვირუსული ინფექციის ზედდება მოხდება, შესაძლებელია, სიმპტომები უფრო გართულდეს, ხველა სპაზმური ხასიათის გახდეს, განვითარდეს ბრონქოსპაზმი და ა.შ.

ზოგადად, ალერგიულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად უხანგრძლივდებათ ვირუსული ინფექცია და მათ უფრო მეტად უჭირთ მდგომარეობიდან გამოსვლა. თუ არაალერგიულ ადამიანს შეიძლება რამდენიმე დღეში დაუმთავრდეს ვირუსი, შეიძლება, ალერგიულ ადამიანი 7-10 დღე ვერ გამოვიდეს მდგომარეობიდან, მას უფრო მეტად გაურთულდეს ნარჩენი ხველა და პედიატრის თუ თერაპევტის გარდა, ალერგოლოგის ჩართულობაც დასჭირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალერგოლოგი, სწორად შეაფასებს მდგომარეობას და სიმპტომების მიხედვით, დანიშნავს სწორ მკურნალობას და მშობელი და ბავშვიც უფრო ინფორმირებულნი იქნებიან და ეცოდინებათ, რა დროს როგორ მოიქცნენ და როგორ მართონ ალერგიას + ვირუსული ინფექცია.

შეიძლება, საზოგადოებამ იკითხოს, ზამთრის პერიოდში რაღა ხდება, რატომ იჩენს თავს ალერგიული სიმპტომები და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კარშიდა ალერგენები, ოთახის მტვერი, შინაური ცხოველები.

თუ ალერგია დადასტურდა და ჩვენ ვიპოვეთ დამნაშავე ალერგენი, ასეთ შემთხვევაში, მკვეთრად იცვლება თუ არა ცხოვრების წესი, რა შეიძლება, რომ ამ დროს გავაკეთოთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი?

გააჩნია, კონკრეტულ პაციენტში რა სიძლიერით და სიმძაფრით მიმდინარეობს სეზონური ალერგია, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს მსუბუქი სეზონური ალერგია, დადასტურებული ამბროზიაზე, ენიშნება მასზე მორგებული დანიშნულება და ეძლევა გაფრთხილება, რომ მომავალ წელსაც, სანამ ამბროზია აყვავილდება, 10 დღით ადრე დაიწყოს ანტიალერგიული მედიკამენტის მიღება, მანამ სანამ ეს მტვერი არ დასრულდება და ამბროზია არ დაასრულებს ყვავილობას, რადგან მედიკამენტის ერთი კვირა, ათი დღე მიღება, ბოლომდე ვერ მოგვცემს შვებას და როგორც კი პაციენტი შეწყვეტს მკურნალობას, სიმპტომები ისევ დაეწყება.

როგორც ვთქვით, სეზონური ალერგია ყველასთან ერთნაირად არ მიმდინარეობს, თუ ერთ ადამიანთან შეიძლება მსუბუქად მიმდინარეობდეს, მეორესთან შეიძლება სეზონური ასთმა გამოიწვიოს. სეზონურ ასთმაში იგულისხმება, როცა კონკრეტულად ამბროზიის ყვავილობის დროს, ადამიანს ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უვითარდება. თუ პაციენტთან სეზონური ალერგია შემაწუხებელია, თუ მას აღენიშნება მძაფრი ცხვირის გაჭედილობა, ცემინება, თვალების ქავილი, სულხუთვა და ასე ვთქვათ, საჭიროებს რამდენიმე ტიპის ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტს, იქნება ეს ტაბლეტირებული, სპრეის ფორმის, თვალის წვეთები თუ ა.შ. მშობელს უჩნდება სამართლიანი კითხვა – „ყოველ წელს ასე უნდა ვიყოთ?“. აქ პაციენტები იყოფიან ორ ჯგუფად, ერთი, რომელთაც წლებთან ერთად, ბუნებრივი ტოლერანტობა გამოიმუშავეს, ანუ წლებთან ერთად, სიმპტომები კი არ მოემატათ, არამედ მოაკლდათ და მეორე ჯგუფი, რომლებთანაც  წლიდან წლამდე, პირიქით, უფრო მწვავდება მდგომარეობა. მეორე ჯგუფის ადამიანებს მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, აუცილებლად ვთავაზობთ სპეციფიკურ იმუნოთერაპიას, სპეციფიკურ ჰიპოსენსიბილიზაციას. მარტივად რომ ავხსნათ, ამ დროს, ხდება დამნაშავე ალერგენთან შეგუება. ამბროზიას, რომელიც კილომეტრობით ვრცელდება ჰაერის მეშვეობით, ვერ მოვერევით, ვერ დავემალებით, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, ადამიანს ალერგენთან მიჩვევის გზებიც ენიშნება, რომელიც არის ალერგიის საწინააღმდეგო ინიექციები, „Allergy shots“, რაც გულისხმობს, რომ თავად ეს ამბროზიის ალერგენი ძალიან მცირე დოზით და შემდეგ უკვე, დოზის ნელ-ნელა ესკალაციით, თვეში ერთხელ ინიექციის სახით უკეთდება ადამიანს, სამი წლის მანძილზე, რომ იმუნურმა სისტემამ მაბლოკირებელი ანტისხეულები გამოიმუშაოს და შეეგუოს დამნაშავე ალერგენს. არსებობს ჰიპოსენსიბილიზაციის სუბლინგვალური ფორმაც და ამ შემთხვევაში, ამბროზიის ალერგენს ენის ქვეშ ყოველ დილას, გარკვეული რეჟიმის დაცვით იღებს ადამიანი, ამასაც ასევე 3 წლის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მხოლოდ ამბროზიაზე არ გამოიყენება, ის შეიძლება, გაკეთდეს კარშიდა ალერგენებზე, ოთახის მტვერზე, სხვადასხვა მცენარეებზე, ცხოველებზე.

ცხოველები არ უნდა გამოგვრჩეს, რადგან ეს ძალიან სენსიტიური თემაა, მხოლოდ ამ კვირაში, 2 ადამიანს დაუდასტურდა კატაზე ალერგია, კატაზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და რომელიც ოჯახის წევრია. შესაბამისად, ძალიან ფაქიზი თემაა, თუ როგორ უნდა იცხოვროს კატასთან ერთად, ანუ როგორ უნდა მოხდეს ალერგენთან თანაცხოვრება. ამ შემთხვევაშიც, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, გამოსავალი სპეციფიკური იმუნოთერაპიის კურსის ჩატარებაა.

როდესაც ადამიანს უდასტურდება ალერგია ამბროზიაზე, ამ დროს, მას ეძლევა რეკომენდაცია, რომ კარშიდა ალერგენებსაც მოერიდოს, არის თუ არა რაიმე ჯვარედინი კავშირი და შესაძლებელია თუ არა, რომ მაგალითად კატის ბეწვმა, ოთახის მტვერმა პროცესი გაამწვავოს, მაშინაც თუ ჩვენ კონკრეტულ კარშიდა ალერგენზე ალერგია დადასტურებული არ გვაქვს?

ყველაფერი პაციენტის სამედიცინო ისტორიის მიხედვით ხდება, მაგალითად, თუ ადამიანი მოდის და ამბობს, რომ წლის მანძილზე, მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან გვიან შემოდგომამდე აქვს სეზონური ალერგიის სიმპტომები, ცემინება, სურდო, ცვირის გაჭედილობა, თვალების ქავილი და წელიწადის დანარჩენ დროს, სადაც არ უნდა მოხვდეს, არანაირი ალერგიული სიმპტომი არ აქვს, მაშინ აქ არ ჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანს კარშიდა ალერგენებზეც აქვს ალერგია და დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მცენარე, რომელზეც უდასტურდება ალერგია, რადგან სხვა სეზონებზე იდეალურად გრძნობს თავს.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამბობს, რომ მთელი წლის მანძილზე აქვს ცხვირი გაჭედილი, აქვს სურდო, ცემინება და განსაკუთრებით ცუდად არის შემოდგომის თვეებში, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კარშიდა, ისე კარგარეთა ალერგენებზე კეთდება ტესტი, რადგან ადამიანი შეიძლება, იყოს როგორც მონოსენსიბილიზირებული, ანუ ერთ კონკრეტულ მცენარეზე ჰქონდეს ალერგია, ასევე შეიძლება, აღენიშნებოდეს პოლისენსიბილიზაცია, ანუ ალერგია ჰქონდეს ამბროზიაზეც, ოთახის მტვერზეც, ბალახზეც, ნესტის, ობის სოკოზეც და ა.შ.

სწორი დიაგნოსტიკის გასაღები კარგად შეგროვებული სამედიცინო ისტორიაა. მკურნალობა იმის მიხედვით დგება, თუ რას ჰყვება პაციენტი ან მშობელი. დღეს, პერსონიფიცირებული მედიცინაა, რა თქმა უნდა, გაიდლაინით ვხელმძღვანელობთ, მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ ქეისებამდე დადის. სწორად შეგროვებული სამედიცინო ისტორია გვაძლევს საშუალებას, რომ სწორად დავსახოთ მკურნალობა, თუ რა გამოკვლევის გეგმა სჭირდება კონკრეტულ პაციენტს და შემდეგ უკვე, პერსონალურად მასზე მორგებული დანიშნულება შევთავაზოთ.

როცა კონკრეტულ დამნაშავე ალერგენს ვეძებთ, ერთჯერადი კვლევა საკმარისია თუ ჩვენ სეზონიდან სეზონამდე ვამეორებთ კვლევას, ანუ რამდენად შესაძლებელია, რომ სურათი შეიცვალოს?

რა თქმა უნდა, ალერგენის დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ერთხელ დაგვიდასტურდება ალერგენი, მომავალ წელს აუცილებელი არ არის კვლევის თავიდან ჩატარება.

იქიდან გამომდინარე, რომ ალერგია სეზონურია, შესაძლოა, მსუბუქმა მიმდინარეობამ განიცადოს პროგრესირება და გართულდეს. მაგალითისთვის, შეიძლება, ადამიანს ყოველ აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ჰქონდეს ალერგიული სიმპტომები, მაგრამ ერთ წელსაც, თქვას, რომ მისმა ალერგიის სეზონმა გადაიწია და აგვისტოს ნაცვლად ივნისის თვეში დაეწყო ალერგია და ივნისიდან მოყოლებული აქვს ეს განმეორებადი ცემინება. ასეთ შემთხვევაში, არის ეჭვი, რომ პაციენტს ალერგიის სეზონი მოემატა, ანუ მაგალითად, იყო 2 თვე და გახდა 4-5, ანუ დაემატა ალერგენი. ასეთ შემთხვევაში, დამატებითი კვლევა აუცილებლად ჩასატარებელია, რადგან ვიცით, რომ იმ კონკრეტულ პერიოდში არ ყვავის ამბროზია და ამიტომ სხვა რაღაცაშია საქმე. 

შეიძლება, მოხდეს თავად სიმპტომების გართულებაც, მაგალითად, მარტივმა ალერგიულმა რინიტმა ჩამოინაცვლოს ქვემოთ და ასე ვთქვათ, ბრონქები დაიმატოს, ანუ ალერგიულ რინიტს დაემატოს ასთმური მოვლენები.

ხველა, რომელიც ბრონქოსპაზმით მიმდინარეობს, უკვე წარმოადგენს თუ არა ასთმის წინაპირობას?

ასთმა ეს არის განმეორებადი პროცესი. როდესაც ადამიანს აქვს გამეორებადად ამოსუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სპაზმური ხასიათის ხველა, სტვენითი სუნთქვა, არ აქვს მნიშვნელობა ტრიგერი, ანუ გამამწვავებელი ფაქტორი ვირუსული ინფექციაა, ალერგენები თუ ფიზიკური დატვირთვა, ეჭვი აუცილებლად უნდა იყოს მიტანილი  ასთმაზე და ოჯახის ექიმის, პედიატრის, თერაპევტის მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს რეფერალი ალერგოლოგთან.

ალერგოლოგიურ კაბინეტში დიაგნოსტიკის გარდა, პაციენტს უტარდება სუნთქვის შესაფასებელი ტესტები, სპირომეტრული კვლევა, აზოტის ოქსიდი, რაც ეოზინოფილური ანთების მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური სიმპტომები, აქვს თუ არა ალერგია საინჰალაციო ალერგენებზე. სუნთქვის ტესტების ჩატარებით, შესაძლებელია, რომ პაციენტს ბრონქული ასთმის დიაგნოზი დაესვას, არსებობის შემთხვევაში.

დიაგნოსტირების შემდეგ, შესაძლებელია თუ არა, რომ თავიდან ავიცილოთ ასთმის გამწვავების ეპიზოდები, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ან საერთოდ გავაქროთ?

კი, შესაძლებელია და აუცილებელიც არის, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუდასტურდება ასთმის დიაგნოზი, ასთმა იყოს ძალიან კარგად მართული და კონტროლირებული. დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ასთმის სწორი მართვა მოხდეს. უბრალოდ, ხანდახან ხდება ისე, რომ მშობელი თავისი ინიციატივით ხსნის ინჰალატორს, ისე რომ არც ეკითხება ექიმს, რადგან თვლის, რომ ბავშვი უკეთესადაა, სიმპტომები ალაგდა და ამიტომ ინჰალატორი აღარ სჭირდება.

ასთმის დიაგნოზის შემთხევაში, ალერგოლოგთან მჭიდრო კომუნიკაცია აუცილებელია. ალერგოლოგი აუცილებლად დანიშნავს ასთმის მაკონტროლირებელ მედიკამენტს, რა თქმა უნდა, სიმძიმის მიხედვით, რადგან ყველას არ სჭირდება ინჰალატორის მთელი წლის განმავლობაში მიღება და სჭირდება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში, ვირუსული ინფექციის დროს, რომელიც ასთმის მთავარი გამამწვავებელია. თუ პაციენტს ალერგიული ასთმა აქვს, ესე იგი, მას რეგულარულად სჭირდება ინჰალატორი. ყველაფერი თავად ასთმის სიმძიმეზე არის დამოკიდებული. თუ დიაგნოზი სწორად არის დასმული, ასთმის მართვა 21-ე საუკუნეში სრულიად შესაძლებელია.

წარმოადგენს თუ არა ვაქცინაცია შესაძლო ალერგიის განვითარების ერთ-ერთ მიზეზს?

კითხვაზე პასუხს ორ ნაწილად გავყოფ.

ერთი, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი და კაცობრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი. რამაც კაცობრიობა დღემდე მოიყვანა, არის ვაქცინაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველასთვის აუცილებელი.

რაც შეეხება თავად ვაქცინებს და ალერგიულ რეაქციებს, უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქცია, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, არის ძალიან იშვიათი. სტატისტიკა ასეთია – მილიონ ვაქცინირებულზე 1 ან 2 შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან მიმართებაში ანაფილაქსია ხშირი არ არის, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფი, რომელთანაც ვაქცინაცია შედარებით საფრთხილოა და ალერგოლოგის მიერ შეფასებას საჭიროებს, მაგალითად, ასეთები არიან ადამიანები, რომელთაც კვერცხზე აქვთ ალერგია, თუმცა მოგეხსენებათ მედიცინა სულ წინ მიდის და ვითარდება და დღევანდელი შეხედულებით, კვერცხზე ალერგიაც კი არ არის 100 %-იანი წინააღმდეგ ჩვენება აცრის გაკეთების. შესაბამისად, ადამიანმა, რომელსაც  ძალიან მაღალი ალერგიულობა აქვს კვერცხის მიმართ და ანამნეზში აქვს რთული ალერგიული რეაქციები, აუცილებლად უნდა გაიაროს ალერგოლოგის კონსულტაცია და მხოლოდ შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე უნდა მოხდეს ვაქცინაცია. რომ ვთქვათ, კვერცხზე ალერგიული პაციენტებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება, ასე არ არის, თუმცა ყველაფერი სწორად, კონკრეტული პაციენტის და ქეისის მიხედვით უნდა შეფასდეს.

რაც შეეხებათ ასთმის მქონე პაციენტებს, რა თქმა უნდა, ისინი ბევრად უფრო მოწყვლადები არიან სხვადასხვა ინფექციების მიმართ, სულ რომ ეს იყოს ალერგიული ასთმა, რომელიც მტვრით, შინაური ცხოველით ან სეზონური საინჰალაციო ალერგენებით არის განპირობებული. ასთმის მქონე პაციენტს აქვს რისკი, რომ მას ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, გამწვავება ჰქონდეს, ამიტომაც ასეთი პაციენტებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდონ რთულ გამწვავებას.

რაზეა დამოკიდებული ალერგიის გამწვავების ან შემსუბუქების გრძელვადიანი პროგნოზი?

ზუსტ პროგნოზს, კონკრეტულ პაციენტს ალერგია, მაგალითად, ასთმაში გადაეზრდება თუ არა, ვერავინ გეტყვით. პაციენტი ფასდება დინამიკაში, თუ როგორ მიდის სეზონური ალერგია… თუ პაციენტს სეზონური ალერგია ალერგიული რინიტის გარდა, ასთმური მოვლენებით ურთულდება, ის უკვე კანდიდატია ამ სპეციფიკური იმუნოთერაპიის. სპეციფიკური იმუნოთერაპიის კურსით შესაძლებელია ამ ასთმური მოვლენების შემცირება, ამიტომ ადამიანებმა, რომელთაც აღენიშნებათ ასთმური მოვლენები კონკრეტულ ალერგენთან შეხვედრის შემდგომ, კონტროლირებული ალერგიის პირობებში, უნდა დაგეგმონ სპეციფიკური იმუნოთერაპია, ანტიალერგიული ინიექციები, რომ მათი სიმპტომები შემსუბუქებისკენ წავიდეს და ალერგია უკეთესად იმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები