ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სარაგოსამ Access City Award 2026-ის მთავარი პრიზი მიიღო. ეს ჯილდო ყოველწლიურად ენიჭება იმ ევროპულ ქალაქებს, რომლებიც ლიდერობენ ხელმისაწვდომი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სრულფასოვნად ცხოვრობენ, მუშაობენ და მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სარაგოსამ უზრუნველყო შეზღუდული მობილობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საერთო სივრცეებსა და ციფრულ მომსახურებებში. მაგალითად, ადაპტირებულია ტრამვაის ქსელი, შექმნილია ფართო საფეხმავლო ზონები საფეხურების გარეშე, ინკლუზიური საბანკო და სავაჭრო პროდუქტები და სერტიფიცირებული ხელმისაწვდომი ვებსაიტები. ქალაქის განსაკუთრებით ძლიერი მხარე არის საცხოვრებელი ფონდი – სარაგოსა დიდ თანხებს დებს ხელმისაწვდომი სოციალური საცხოვრებლების მშენებლობაში, სადაც შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრობენ.
მეორე და მესამე ადგილებზე ვალენსია (ესპანეთი) და რენე (საფრანგეთი) გავიდნენ.
ვალენსიამ შეძლო თითქმის 100%-იანი ხელმისაწვდომობა უზრუნველყო ქალაქის ავტობუსისა და მეტროს ქსელში. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციებს თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ტესტავენ. ქალაქმა ასევე სრულად ხელმისაწვდომი გახადა საგანგებო სიტუაციებში მოქმედი მუნიციპალური სერვისები – მოქმედებს სპეციალური პროტოკოლი პოლიციისა და მეხანძრეებისთვის, ხოლო საგანგებო შეტყობინებების სისტემა ადაპტირებულია მხედველობისა და სმენითი პრობლემების მქონე მოქალაქეებისთვის.
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რენემ ჯილდო მიიღო მუნიციპალურ სამსახურებს შორის წარმატებული კოორდინაციისთვის. რენეში განახლდა ქუჩები – გაფართოვდა ტროტუარები, შეიქმნა უსაფრთხო გადასასვლელები, ტაქტილური ზოლები, კომფორტული სკამები და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტუალეტები. ადგილობრივი კულტურული ობიექტები – თეატრი Jeu de Pommes და ქალაქის სამხატვრო სკოლა – აღჭურვილია პანდუსებით, ლიფტებით, ადაპტირებული ტუალეტებით და კონტრასტული საფეხურებით. 2027 წლისთვის ყველა საზოგადოებრივი შენობა სრულად ხელმისაწვდომი იქნება.
დამატებითი პრემიები მიიღეს სხვა ევროპულ ქალაქებმაც:
ზალცბურგი (ავსტრია) – სოციალური საცხოვრებლების დიზაინსა და ძველი სახლების რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გამო;
პიაჩენცა (იტალია) – თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებისთვის. ქალაქი იყენებს მონაცემთა ანალიზისა ხელმისაწვდომობის პრობლემების გამოსავლენად.