LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიამოვნებით მივიღე მისი შეთავაზება და ჩავები ფესტივალში” – მარიკო კვალიაშვილმა და ნანა მესხმა „არტ-FM“-ში ფესტივალზე „ფარვანა“ ისაუბრეს

571
ნანა-მესხი,-მარიკო-კვალიაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი და ქალბატონი ნანა მესხი სტუმრობდნენ, რომელთაც ავტორ-შემსრულებელთა ახალ ფესტივალზე „ფარვანაზე“ ისაუბრეს.

ნანა მესხი – პირველ რიგში ქალბატონ მარიკოს მინდა გადავუხადო მადლობა, რომელიც ჩვენი თხოვნით ჩაერთო პროექტში. ქალბატონი მარიკა, ყოველთვის მხარში უდგას როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს.

ავტორ-შემსრულებელთა ახალი ფესტივალი „ფარვანა“, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი თავად ვარ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით გაიმართება.  სახელი ფესტივალმა ჩემი სიმღერის წყალობით შეიძინა, რადგან თავადაც ავტორ-შემსრულებელი ვარ, ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ჩემს სიმღერებს წლების მანძილზე ასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები.

ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენი იდეა აჭარის კულტურის სამინისტრომ გაიზიარა და სწორედ მათი მხარდაჭერით დაფუძნდა ფესტივალი. უამრავი იდეა და უზარმაზარი ამბიციები გვაქვს, ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა ფესტივალმა ყველა ის ნიჭიერი ადამიანი გააერთიანოს,  ვისაც პოპულარიზაცია სჭირდება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მართლაც ბრწყინვალე ადამიანები მუშაობენ. პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, მის მოადგილეს, ბატონ კაკო ძნელაძეს და კულტურის დეპარტამენტის მთელ გუნდს. რამდენიმე წელია საავტორო პროექტებს ვაკეთებ აჭარაში და ყოველთვის ამ ადამიანების თანადგომითა და დახმარებით. დიდი იშვიათობა და ძალიან დიდი ბედნიერებაა იმ ადამიანების მოძიება, ვინც ყოველთვის მზადაა დაუჭიროს მხარი ნამდვილს და ფასეულს. დიდ მადლობას ვუხდით აჭარის ტელევიზიასაც, რომელმაც ჩვენი საინფორმაციო მხარდაჭერა ითავა.

საქართველოში უამრავი ნიჭიერი ავტორ-შემსრულებელია, თუმცა ყველას არ აქვს პუბლიკაზე გამოჩენის საშუალება. სწორედ ასეთ საშუალებას იძლევა ჩვენი ფესტივალი, რომელიც 22 სექტემბერს გაიმართება ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდი დარბაზის სცენაზე. რა თქმა უნდა, ფესტივალში ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა აქცენტი მაინც აჭარის რეგიონზე გაკეთდება. იმედია, მომავალ წელს ფესტივალი უფრო გაფართოვდება, რამდენიმე დღე გაგრძელდება და ბევრად მეტ მონაწილეს გააერთიანებს.

ფესტივალში ნებისმიერი ჟანრის, ასაკისა და გემოვნების ავტორ-შემსრულებელს შეუძლია მონაწილეობა, მთავარია მისი ნამუშევარი ხარისხიანი იყოს. შეგნებულად დავუშვით მუსიკის ყველა ჟანრი, რადგან ვთვლით, რომ ნიჭიერი ადამიანს ნებისმიერ ჟანრსა და სტილში შეუძლია მუშაობა.

მართალია, ფესტივალს არ ეყოლება ჟიური, მაგრამ ეყოლება ხუთი ადამიანისგან შემდგარი მჩეველთა საბჭო, რომელთა შორის იქნებიან მარიკო კვალიაშვილი, ანსამბლ „არსიანის“ ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჭანიშვილი, ანსამბლ „ელესას“ ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე და სხვები. კონცერტის შემდეგ სწორედ შემფასებელთა კვინტეტი გაუზიარებს საკუთარ მოსაზრებას ფესტივალის მონაწილეებს. ამასთანავე, ფესტივალს მეტად ცნობილი და პოპულარული ავტორ-შემსრულებლები ესტუმრებიან, რომელთაც მთელი ეპოქა შექმნეს საკუთარი სიმღერებით.

მარიკო კვალიაშვილი – პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ქალბატონი ნანა არაჩვეულებრივი ადამიანი და ბრწყინვალე სიმღერების ავტორია. ამასთანავე, ნანა უამრავი საინტერესო წამოწყების ავტორია, ამიტომ სიამოვნებით მივიღე მისი შეთავაზება და ჩავები ფესტივალში. ჩვენთვის მთავარი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათი დახმარება და სწორ გზაზე დაყენებაა. ყოველთვის მზად ვარ ამოვუდგე მხარში ნიჭიერ ადამიანებს და სრულიად უსასყიდლოდ გავუწიო პედაგოგობა.

წლების წინ იმერეთში ვიმოგზაურე, თითქმის ყველ სოფელში ვიყავი და უამრავი ბავშვი შევარჩიეთ, რომლებიც თბილისში ჩამოვიყვანეთ და აქაურ ბავშვებს გავაცანით. შესანიშნავი კონცერტი გავმართეთ და მიხარია, რომ ბევრმა სწორედ მუსიკა აირჩია საკუთარ პროფესიად.

მართალია, წლევანდელ ფესტივალზე ახალბედებს ცნობილი ავტორ-შემსრულებლები უმასპინძლებენ, მაგრამ იმედი გვაქვს მომავალში სწორედ დღევანდელი ახალბედები გახდებიან მასპინძლები და წარუდგენენ პუბლიკას საკუთარ შემოქმედებას. რა თქმა უნდა, კონკურსანტებს ნებისმიერ ენაზე შეუძლიათ კომპოზიციის შექმნა, თუმცა პირადად მე მაინც ქართულ სიმღერებს ვანიჭებ უპირატესობას.

სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელსაც ერთგვარი სპექტაკლის ფორმა ექნება და ნოემბერში ან დეკემბრის თვეში გაიმართება სავარაუდოდ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. საღამოზე ახალთან ერთად, ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერებიც შესრულდება. ძალიან მასშტაბურ, ორიგინალურ პროექტს შევეჭიდე, რომელიც საოპერო და საესტრადო მუსიკის ერთგვარი სინთეზი იქნება.  ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ბევრი უცნობი სახეც მიიღებს მონაწილეობას, უამრავი იდეა მაქვს და იმედია, ყველაფრის განხორციელებას მოვასწრებთ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები