საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს რუსთავში დაიწყო.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ხალხის წარმოუდგენელი აქტიურობაა.
ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა და სააკაშვილის შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ყველგან, სადაც დღეს ჩავედი, დამხვდა ეს მდგომარეობა და ვარ ძალიან გახარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამდენი ადამიანი არის მსურველი და რამდენი ადამიანი ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად სასწრაფო არის მისი თავისუფლება, რადგან ჩვენ ვნახეთ ნავალნის მაგალითი და ძალიან ბევრჯერ მოგისმენია რუსეთის მმართველი დიქტატორისგან, ვლადიმერ პუტინისგან, რამდენჯერ გაავლო მან პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის, რამდენჯერ დაემუქრა როგორც ნავალნის, ასევე მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის განადგურებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული, არ უნდა დაგვიმახინჯოთ, ქალბატონო სალომე, ჩვენი ქვეყნის ისტორია და ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვიყავი, ახლა რუსთავში ვიმყოფები და ასეთი რიგები არის ყველგან. დიდი მადლობა ყველას და მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.