სუს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მარნეულის მცხოვრებლების, არკინაზ გულიევასა და ზანურა თალიბოვას, გამოკითხვა, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით ვაჭრობის საქმეზე, „მთავარის“ სიუჟეტში საუბრობდნენ.
ზანურა ტალიბოვა სუს-ში დაკითხვაზე შესვლამდე აცხადებდა, რომ კორონავირუსით ვაჭრობის საქმეში ბაზარში გაიგო.
მისი ადვოკატი, ალი ბადიროვის აცხადებს, რომ ზანურა თალიბოვა რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობს.
„მე ბაზარში გავიგე, როგორ ამბობდნენ, რომ თურმე ფულს სთავაზობდნენ ვიღაცას იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ. კონკრეტული მაგალითი არ მაქვს ნანახი. მე ისიც ვთქვი სიუჟეტში, რომ ჩემი ნათესავი გარდაიცვალა გულის დაავადებით და შესთავაზეს თუ არა თანხა, არ ვიცი“, – ამბობს ტალიბოვა.
სუს-იდან გამოსული არკინაზ გულიევა აცხადებს, რომ მისი შვილი ინფარქტის შემდეგ 5 დღის განმავლობაში კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იყო, შემდეგ კი გარდაიცვალა. გულიევა ამჯერად ამბობს, რომ მისთვის ფული არავის შემოუთავაზებია.
„სამი თვის წინ დამეღუპა შვილი. სახლში ვიყავი, როდესაც ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა და შვილის გარდაცვალების მიზეზი მკითხა. მე ვუპასუხე, რომ გულით გარდაიცვალა. 8 წელი მკურნალობდა უკრაინასა და საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. ინფარქტი დაემართა, მოვიდა სასწრაფო, 5 დღე კლინიკაში, უგონოდ იყო, შემდეგ კი გარდაიცვალა. საავადმყოფოში მითხრეს, რომ მიცვალებულის გადმოსვენების საშუალება მხოლოდ მისი კორონავირუსზე შემოწმების შემდეგ მექნებოდა. ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო, ვირუსი არ ჰქონდა. ჩვენთან სახლში არავინ მოსულა და არანაირი თანხა არ შემოუთავაზებია“, – განაცხადა არკინაზ გულიევამ.
„მთავარში“ გასულ სიუჟეტში არკინაზ გულიევა და ზანურა თალიბოვა ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.
ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა, თარგანში მოხდა რაიმე აცდენა და რეალურად დამნაშავე არც არავინაა.
სუს-ში არ გამორიცხავენ, აღნიშნულ საქმეზე “მთავარი არხის” ჟურნალისტების დაბარებასაც, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს “შაბათის მთავარის” ავტორი და წამყვანი მიშა სესიაშილი. სწორედ მის ეთერში გავიდა ხმაურიანი სიუჟეტი 20 მაისს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟის ფაქტს გულისხმობს.
