საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, იუსტიციის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.
„ციხიდან ციხეში გადაყვანა; „გადმობრძანდით, თუ შეიძლება, ესკორტის მანქანიდან“, ან კიდევ, „ოღონდაც კონსილიუმი ინატრე და შეგისრულებთ“, არ ყოფილა წამება ან წამების მუქარა. ეს ისედაც ვიცოდით, რადგან იყო ნათელი. სახალხო დამცველისა და ზოგიერთის არაკომპეტენტურობას ამ გადაწყვეტილებით მაინც არ ეშველება“, – წერს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.
მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად დაცულია.