LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეიანა ტეილორის ტრიუმფი BET Awards-ზე, ჯენეტ ჯექსონის მოულოდნელი გამოჩენა, ქარდი ბის შთამბეჭდავი პერფორმანსი და სპეციალური შოუ, რომელიც ლორინ ჰილს მიეძღვნა

149
photo-collage.png (34)

28 ივნისს, ლოს-ანჯელესში, 26-ე BET Awards გაიმართა.

ცერემონიაზე, როგორც ყოველთვის, აქცენტი გაკეთდა შავკანიანი არტისტების მიღწევებზე მუსიკის, კინოს, სპორტისა და კულტურის სფეროში.

დაჯილდოების ტრიუმფატორებად 3-3 მოგებული ჯილდოთი, ჰიპ-ჰოპ დუო – Clipse და ტეიანა ტეილორი მოგვევლინნენ. ამ უკანასკნელმა საღამოზე სპეციალური პრემიაც – Icon of the Year დაიმსახურა, რომელიც დაჯილდოებაზე, პირველად გაიცა.

ტეილორისთვის ამ პრიზის მინიჭების მომენტი ღონისძიების ,,ჰაილაითად” იქცა, რადგან სცენაზე სრულიად მოულოდნელად, ჯენეტ ჯექსონი გამოჩნდა.

იმ ფონზე, როცა ტეილორი ჯენეტს თავის მთავარ შემოქმედებით შთაგონებად მიიჩნევს, მის დანახვაზე ემოციები ვერ შეიკავა, ატირდა და შოკირებულმა მუხლებზეც კი დაიჩოქა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი ნომინაციებში ქარდი ბი იყო, მან ექვსიდან მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო და ,,საუკეთესო ქალ ჰიპ-ჰოპ არტისტად” დასახელდა. სცენაზე რეპერი შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა.

ცერემონიის კულმინაციად, ლორინ ჰილის პატივსაცემად გამართული 20-წუთიანი გრანდიოზული შოუ იქცა.

ეს იყო ვარსკვლავური, სენტიმენტალური მუსიკალური წარმოდგენა, რომელშიც ჰიპ-ჰოპისა და R&B-ის წამყვანმა არტისტებმა ჰილის კარიერის სხვადასხვა ეპოქა და მისი საკულტო ჰიტები გააცოცხლეს.

ლორინ ჰილს სპეციალურად მისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა. მას „ცოცხალი ლეგენდის ჯილდო” მიენიჭა.

ლორინ ჰილმა მაყურებელს თავადაც მოუწყო სიურპრიზი და სიმღერები – Ex-Factor და Everything Is Everything შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ BET Awards 2001 წლიდან სატელევიზიო არხის – Black Entertainment Television მიერ ტარდება და მუსიკაში, კინოში, სპორტსა და გასართობი ინდუსტრიის სხვა მიმართულებებში გამორჩეული შავკანიანების მიღწევებს ავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები