კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დააანონსა, რომ მეორე თაობის Roadster-ის სერიული ვერსია 1 აპრილს უნდა წარედგინათ. თუმცა, როგორც მან სოციალურ ქსელში X-ში განაცხადა, პრემიერის თარიღი კვლავ გადაიდო – ამჯერად მხოლოდ რამდენიმე კვირით. მისი თქმით, კომპანიას იმედი აქვს, რომ ავტომობილის ჩვენება თვის ბოლოსთვის მოხერხდება.
მასკის ეს განცხადება ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარზე პასუხი იყო, რომელმაც შეახსენა, რომ 2008 წლის 17 მარტს დაიწყო პირველი თაობის Roadster-ის წარმოება – ფაქტობრივად, ეს თარიღი Tesla-ს, როგორც სრულფასოვანი ავტომწარმოებლის „დაბადების დღედ“ მიიჩნევა.
Tesla-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი Roadster იქნება „სუპერქარი სრულიად ახალი დონის“. თუმცა მისი კომენტარების ტონიდან ჩანს, რომ თავადაც ბოლომდე დარწმუნებული არ არის, შედგება თუ არა პრემიერა აპრილში.
აღსანიშნავია, რომ Roadster-ის სერიული ვერსიის გამოშვების ვადები უკვე 2021 წლიდან მუდმივად იდება. კონცეპტუალური პროტოტიპი პირველად 2017 წელს წარადგინეს და მაშინვე დაიწყეს წინასწარი შეკვეთების მიღებაც.
კომპანია Roadster-ს პოზიციონირებს როგორც მძღოლზე ორიენტირებულ ელექტრო სპორტქარს, თუმცა Tesla-ს მიმდინარე სტრატეგია უფრო ავტონომიურ ტექნოლოგიებზე გადადის. მაგალითად, კომპანიამ თებერვალში დაიწყო რობოტაქსი Cybercab-ის აწყობა, რომელსაც საერთოდ არ აქვს მართვის ტრადიციული ელემენტები.