პარიზში, უახლოეს დღეებში გამართულ RM Sotheby’s-ის აუქციონზე, უჩვეულო ლოტი გავა გასაყიდად – Jacobean Caravan სახელწოდების მისაბმელი, რომელიც თანამედროვე ტერმინოლოგიით სრულფასოვან კემპერად ჩაითვლებოდა. ის 1928 წელს აშენდა, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი წლის განმავლობაში გადიოდა რესტავრაციას. აუქციონზე მისი საწყისი ფასი 15-20 ათასი ევროა.
ბრიტანული კომპანია Eccles საცხოვრებელი მისაბმელების წარმოების ერთ-ერთ პიონერად ითვლება. მიიჩნევა, რომ კომპანიის დამფუძნებელმა ბილ რაილიმ კემპერების იდეა სამხედროებისგან აიღო, როცა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში არმიაში მსახურობდა. პირველი ნიმუშები Eccles-მა 1919 წელს წარმოადგინა, ხოლო უკვე სამი წლის შემდეგ დაიწყო „კარავანების“ – ბუქსირით გადასაადგილებელი საცხოვრებელი სახლების სერიული წარმოება.

როგორც ირწმუნებიან, Jacobean Caravan-ის დიზაინი შთაგონებულია ტიუდორების ეპოქის კლასიკური არქიტექტურით. გასაყიდად გამოტანილ ეგზემპლარში დაცულია ეპოქისთვის დამახასიათებელი ინტერიერის გაფორმება, სავარძლები და სათავსი ყუთები, დასაკეცი მაგიდა, ასევე ფარულად დამონტაჟებული მცირე ზომის გაზქურა და მაცივარი.



იმის გათვალისწინებით, რომ Eccles-ის კემპერები ხისგან იყო დამზადებული, დღემდე მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი. აუქციონერების ინფორმაციით, ეს კონკრეტული მისაბმელი 1964 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ ფერმაში იპოვეს, სადაც ის ქათმის სადგომად გამოიყენებოდა. ვინტაჟური სახლი ბორბლებზე 23 წლის განმავლობაში რესტავრირდებოდა, ხოლო 2005 წლიდან კერძო კოლექციის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ Jacobean Caravan კვლავ გამოიყენება დანიშნულების მიხედვით – მისი მფლობელი მასთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა.