LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს თევზის ბაზარზე თინუსი რეკორდულ 2,78 მილიონ ევროდ გაიყიდა

162
1366x768_cmsv2_69d30305-07ce-54da-a329-a1ba2a3c3588-9602283

ტოკიოს თევზის ბაზარზე, 2026 წლის პირველი აუქციონის დროს, 243 კილოგრამიანი ლურჯფარფლიანი თინუსი რეკორდულ ფასად – 510 მილიონ იენად (დაახლოებით 2,78 მილიონი ევრო) გაიყიდა.

ახალი წლის საზეიმო აუქციონზე გამარჯვებული გახდა კომპანია Kiyomura Corp., რომლის მფლობელი კიოში კიმურა სუშის პოპულარული ქსელის Sushi Zanmai-ს ხელმძღვანელია. კიმურა არაერთხელ გამხდარა აღნიშნული აუქციონის გამარჯვებული და ამჯერადაც, მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – წინა მაქსიმალური ფასი 2019 წელს დაფიქსირდა და 334 მილიონ იენს (დაახლოებით 1,82 მილიონ ევროს) შეადგენდა.

ჟურნალისტებთან საუბარში კიმურამ აღნიშნა, რომ თევზის ყიდვას ცოტა უფრო იაფად გეგმავდა, თუმცა „ფასი ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ვერც კი შევამჩნიე“.

ვაჭრობა გამთენიისას, ზარის ხმაზე დაიწყო . აუქციონის მოედანზე რიგებად ეწყო თინუსები – ასე მყიდველებს შეეძლოთ შეეფასებინათ ხორცის ფერი, ტექსტურა და ცხიმიანობა.

ძვირადღირებული თევზი იაპონიის ჩრდილოეთში, ომის სანაპიროსთან დაიჭირეს – ეს რეგიონი თინუსის ერთ-ერთ საუკეთესო საბადოდ ითვლება. კილოგრამის ფასი დაახლოებით 2,1 მილიონ იენს (დაახლოებით 11 500 ევრო) შეადგენდა.

კიმურას თქმით:
„ეს ნაწილობრივ იღბალიცაა. მაგრამ როცა კარგ თინუსს ვხედავ, ვერ ვუძლებ… ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი იქნება“.

მიუხედავად იმისა, რომ დილის აუქციონებზე ყოველდღიურად ასობით თინუსი იყიდება, ომის რეგიონიდან დაჭერილი თინუსი განსაკუთრებით ძვირად ფასობს, მით უმეტეს – ახალი წლის აუქციონზე.

აღსანიშნავია, რომ ოდესღაც წყნარი ოკეანის ლურჯფარფლიანი თინუსი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლებოდა კლიმატის ცვლილებისა და ჭარბი თევზჭერის გამო, თუმცა უსაფრთხოების ზომების შედეგად მისი პოპულაცია ეტაპობრივად აღდგენის პროცესშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g