Toyota-ს ამერიკულმა წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა უცნობი ახალი მოდელის პირველი თიზერი, რომლის არსი ამ ეტაპზე არ ვლინდება. ფოტოს ახლავს წარწერა: „რაღაც ახალი ჰორიზონტზე“. ერთ-ერთი ვერსიით, Toyota იწყებს სარეკლამო კამპანიას კომპაქტური პიკაპის დებიუტის წინ, მეორე ვერსიით კი კომპანია ახალ კროსოვერს ამზადებს. დიდი ალბათობით, სიახლეს ზამთრის ბოლომდე წარადგენენ.
გასული წლის გაზაფხულზე Toyota-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ გეგმავს ელექტრომობილების ხაზის გაფართოებას ორი კროსოვერისა და ერთი პიკაპის დამატებით. ამჟამინდელ თიზერზე გამოსახული მოდელი ნაწილობრივ პიკაპს წააგავს – ამას განაპირობებს უკანა ნაწილის ფორმა, ჰორიზონტალური LED ზოლი მთელ სიგანეზე და ვერტიკალური უკანა მინები. თუმცა გამოცემა Carscoops, კომპანიის შიდა წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ პიკაპთან ვიზუალური მსგავსება განზრახ შექმნეს, რეალურად კი სიახლე კროსოვერი იქნება. მით უმეტეს, Toyota-მ ელექტრო პიკაპი უკვე აჩვენა – ეს არის ახალი თაობის Hilux-ის ერთ-ერთი ვერსია.
მანამდე, ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერნი გეგმავს Land Cruiser-ის ხაზის გაფართოებას და ბაზარზე რამდენიმე ახალი მოდელის გამოყვანას, მათ შორისაა – დიდი ყველგანმავალი. არ არის გამორიცხული, რომ დაანონსებულ ფოტოზე სწორედ ის იყოს გამოსახული. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ახალი მოდელი Highlander-ის შემცვლელი გახდება. ასევე არსებობს ვერსია, რომ Toyota წარმოაჩენს კონცეპტ-ქარს, რომელიც სერიულ წარმოებასთან კავშირში საერთოდ არ იქნება.