„რეზოლუციის მიღება ცალსახად მძიმეა, შეიძლება ითქვას, რომ ესკალაცია გრძელდება“ – ასე აფასებს „ფორტუნასთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი 15 თებერვალს ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას.
როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, „ხელისუფლება ევროპარლამენტარებთან ხისტი ურთიერთობის რეჟიმშია“ და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია ახსნას.
„15 თებერვალს ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია წინამორბედებზე უფრო მკაცრია. ამაში გასაკვირი არაფერია. როდესაც დიალოგი არ არსებობს, იქ ურთიერთობა უფრო და უფრო რთულდება. ასეთია ისტორიული კანონზომიერება. როდესაც რაღაცას გეუბნებიან და შენ ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პოზიცია ახსნა და ურთიერთობა დაალაგო, ხისტად პასუხობ, ბუნებრივია, მეორე მხრიდან კიდევ უფრო მძაფრდება და მძიმდება შეფასებები.
ირაკლი კობახიძე: რეზოლუცია აბსურდულია, ნულოვანი ფასი აქვს - სააკაშვილი დღეს ციხეში, ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო ყოფილა... ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას
„აბსურდული როდესაც არის რეზოლუცია, მისი კომენტირებაც კი რეალურად არ ღირს“, - განაცხადა კობახიძემ.
აღმაშფოთებელია ის, რასაც ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მეგობრებში კამათიც მოსულა და რაიმეს გაპროტესტებაც, შენ თუ შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, მეგობარს ჩხუბი კი არ უნდა დაუწყო, უნდა აუხსნა. ჩვენი ხელისუფლება კი პოზაში დგება და ამბობს, „არაფერშიც არ გვჭირდებით, კარგად იყავითო“. ამ რიტორიკაში იგრძნობა, რომ ისინი დასავლეთს მეგობრებად კი არა, ოპონენტებად აღიქვამენ და ყველაფერზე ეჩხუბებიან, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადონ, რამენაირად დაალაგონ მათთან ურთიერთობა. ეს არაფერ კარგთან არ მიგვიყვანს“. – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“.
ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე „წაუგებელ თამაშს“ თამაშობს, როდესაც ამბობს, რომ „რეზოლუცია აბსურდულია და ნულოვანი ფასი აქვს“.
„კობახიძეს რა ენაღვლება, მისი პრობლემა ხომ არაა, ბიძინას პრობლემაა, რაც ამ რეზოლუციას მოჰყვება. „პატარა ბიჭები“ ასე არიან მოწყობილი. ეპრანჭებიან ბიძინას, რადგან მათი კეთილდღეობა ბიძინაზეა დამოკიდებული და აქვთ განცდა, რომ თვითონ არაფერზე არიან პასუხისმგებლები. თვითონ ბიძინას „ეტენება“ და რა ენაღვლება, ილაპარაკებს. ანუ ერთგვარ „წაუგებელ თამაშს“ თამაშობს.
კახი კალაძის განცხადება, რომ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ჩემთვის გასაგებია.
„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს“ – კახა კალაძე
თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მილანში ვერ წავა და დუბაიში წავა, რა პრობლემაა კახი კალაძისთვის? პრობლემა არ აქვს და გულწრფელია თავის გზავნილებში. თვითონ ყველაფერი აქვს და სხვას რომ პრობლემა აქვს, ის ხომ კახის პრობლემა არ არის. დიდი ხანია პირადი პრობლემები მოგვარებული აქვს და შესაბამისად, იქცევა ასე.
ვის აინტერესებს ქვეყანა?! საერთოდ იციან, რა არის სახელმწიფო და ქვეყანა?! ან გააზრებული აქვთ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელშიც წერია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის?! კონსტიტუცია ბოლომდე არც ერთ დეპუტატს წაკითხული არ აქვს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.
კითხვაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ რეზოლუციას, ექსპერტი ამბობს, „კარგს არაფერს ელოდება“.
„მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ თუ არა, ამით ევროპარლამენტთან ურთიერთობებში რა იცვლება? მესამე პრეზიდენტის საკითხი ერთ-ერთი პრობლემაა ამ ურთიერთობებში და არა ერთადერთი. როგორც „ნაცებს“ და ასევე, „ქოცებს“ უნდათ იმის წარმოჩენა, რომ თითქოს მიშა სააკაშვილზეა სამყარო „ჩაკეტილი“ და მხოლოდ ეს პრობლემაა ჩვენ ურთიერთობებში.
ამ რეზოლუციას კარგი არაფერი მოჰყვება, სულ უფრო რთულდება ურთიერთობები. რეზოლუცია ერთი პროცესის შემადგენელი ნაწილია. პროცესი კი დეგრადაციისკენ მიდის.“ – განუცხადა „ფორტუნას“ გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი 15 თებერვალს დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც პერსონალური ვენდეტის ნაწილს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესებაში“.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულების ევროპული ღირებულებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწრაფებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.
ამავე თემაზე:
რასა იუნკევიჩიენე: საქართველოს დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია სჭირდება
„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე
მანჯგალაძე: ზეზვა და მზია უფრო ევროპელები გამოდიან, ვიდრე კობახიძე და თალაკვაძე
ვიოლა ფონ კრამონი: 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა
